მსოფლიოს უამრავ ქალაქში შეხვდებით ბარებსა თუ რესტორნებს, სადაც ლუდის კათხებით “შეიარაღებული“ ქომაგები და ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენები ერთად უყურებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს და ასევე ერთად გეახლებიან მენიუში არსებული სხვადახვა სახის ლუდის სასუსნავსა და მსუყე-მსუყე კერძებს.
თუმცა, არგენტინელი ბიზნესმენი კარლოს ვიჩელიოსი პირველია, რომელმაც რესტორანი საკუთრივ სპორტსმენებისთვის შექმნა და მის მიერ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გახსნილი რესტორნის მენიუ მთლიანადაა მორგებული სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოღვაწე ადამიანების საჭიროებასა და სავარაუდო რაციონზე.
კარლოს ვიჩელიოსს ეს იდეა მეუღლემ მიაწოდა, რომელიც პროფესიით ექიმი გახლავთ და კარგად უწყის, თუ როგორ უჭირს ბევრ სპორტსმენს სპორტული კვებითი რეჟიმის დაცვა. გასაგებია, რომ ახლადგახსნილი რესტორნის მენიუ ჭეშმარიტ გურმანებსა და მსუნაგ ხალხს დიდად არ მოეწონება, მაგრამ შესაძლებელია დიდად დაეხმაროს სპორტსმენებს, რომლებიც სათანადო კვების უზურნველყოფას ხშირად ფიზიკურად ვერ ახერხებენ.