თურქეთის სუპერლიგაში სუპერთამაში ჰქონდა საბა ლობჟანიძეს, ეს იმის მიუხედავად, რომ „ანკარაგიუჯუ“ სტუმრად „ალანიასპორთან“ 3:4 დამარცხდა. და რატომ ჰქონდა საბას ძალიან მაგარი თამაში? 3 საგოლე პასი მიითვალა...
ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგზე აქტიურობის შედეგად მესამე წუთზე ჯოზეფ პეინტსილს გაატანინა და ანგარიში გახსნა. განელმა ფორვარდმა 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ანგარიში ორამდე გაზარდა, საგოლე გადაცემა ისევ საბამ გააკეთა და ისევ მარჯვენა ფლანგიდან.
ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, ანკარელები მაინც უქულოდ დარჩნენ. 62-ე წუთისთვის „ალანიასპორი“ წინ გავიდა (3:2), ხოლო სამ წუთში ლობჟანიძემ კიდევ ერთხელ იაქტიურა და ანგარიში გათანაბრდა. ქართველი შემტევი თავად იყო ახლოს გოლთან, ჯერ მეკარემ აჯობა, მერე კი დაამატა და ალიუ ბაჯიმ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს „ალანიასპორმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა და 4:3 იმარჯვა.
საბა ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 20 თამაშში 2 გოლთან ერთად 5 საგოლე პასიც აქვს. რაც შეეხება „ანკარაგიუჯუს“ 18 ქულით მე-19 ადგილზეა, არადა, რომ ემარჯვა, უკეთეს ვითარებაში და გასავარდნი ზონის მიღმა იქნებოდა.