დაახლოებით ორი კვირის წინ, მიუნჰენის “ბაიერნის” მესვეურები და ფეხბურთელები, რომის პაპს, პრანცისკ პირველს შეხვდნენ. ეს შეხვედრა ფართოდ გააშუქა ევროპულმა მედიამ და არც ის გამორჩენიათ თვალთახედვის არედან, რომ გერმანელებმა არგენტინელ პაპს “ბაიერნის” პირველნომრიანი მაისური გადასცეს.
როგორც იცით, რომის პაპი ფეხბურთის დიდი ქომაგია და არგენტინულ საფეხბურთო კლუბ “სან ლორენცოს” ქომაგობს. იმ “სან ლორენცოს” რომელმაც რამდენიმე თვის წინ ლათინოამერიკის უპირველესი საკლუბო ჯილდო, ლიბერტადორესის თასი მოიგო და ამით კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ძალიან გაიხარა.
რომის პაპის “ბაიერნის” წარმომადგენელებთან და ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ, არგენტინაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც შიში და ეჭვი დააფიქსირეს - ემანდ ამ ჩვენებურმა კაცმა ხომ არ გვიღალატა და მიუნჰენურ კლუბში ხომ არ გაგვცვალაო. მაგრამ რომის პაპმა ყველა დაამშვიდა და არგენტინული კლუბის სამუდამო ერთგულება დაადასტურა.







