კალათბურთი

23:18 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსთაველებმა ბათუმს სძლიეს და სუპერლიგაში კვლავ დაუმარცხებლები არიან

"რუსთავმა“ მიმდინარე სუპერლიგა ეფექტურად დაიწყო – სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და „ქუთაისის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელსაც ჯერ წაგების გემო არ განუცდია.

ქვემოქართლელებმა ამჯერად „ბათუმს“ უმასპინძლეს და 95:71 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ანატოლი ბოისას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს ხელჩასაწიდი უპირატესობა – 17:3. ბათუმელებმა თამაში მალე დაალაგეს, სხვაობა ხუთ ქულამდეც შეამცირეს, თუმცა არც „რუსთავი“ დამცხრალა, პირველი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 46:34 გავიდა.

12-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ერთ ტაიმში შესაძლებელია, თუმცა იმის ნაცვლად რომ სხვაობა შემცირებულიყო, მასპინძლებმა სამქულიანებით უპირატესობა კიდევ გაზარდეს და საბოლოოდ 24-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

რუსთაველებს ამერიკელმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. მან 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. 3-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 15 ქულა მიითვალა რეზო ჩაჩანიძემ. რუსთაველთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სამქულიანების რეალიზების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გახლდათ – 18-დან 11, მაშინ, როცა ბათუმელებმა 17-დან 3 სამიანი გამოიყენეს.

სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა პეტარ არატინოვიჩმა ჩააგდო, ხოლო ნიკოლა ვუიოვიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი 10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “ტიტები” “დინამოს” წინააღმდეგ.

0.110424