ყაზახური „ორდაბასიდან“ ქართული სამწვრთნელო შტაბი სკანდალით წავიდა. როგორც ყაზახური მედია წერს, ბოლო ტურის შეხვედრაში კახა ცხადაძის ასისტენტმა გიორგი ჩიხრაძემ და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გასახდელში იჩხუბეს.
ყაზახი ჟურნალისტი აიდინ კოჟახმეტი ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე წერს და ინციდენტის შესახებ დეტალურად საუბრობს:
„ოკჟეტპესთან“ მატჩის შემდეგ კახა ცხადაძის ასისტენტმა და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა იჩხუბეს. რა არის მიზეზი, ძნელი გასაგებია. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ გიორგი ჩიხრაძემ თამაშის მიწურულს ფეხბურთელს გახურება დაავალა და როდესაც ფეხბურთელმა გახურება დაასრულა, მწვრთნელთან მივიდა. ამის გამო ჩიხრაძე გაბრაზდა და ხმამაღლა უთხრა: ვინ დაგიძახა? ფეხბურთელი დაუყოვნებლივ ტრიბუნაზე ავიდა. გასახდელში მან ჩიხრაძეს ხელიც არ ჩამოართვა და პირდაპირ ყბაში დაარტყა. დიწყო ჩხუბი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაცია მალევე დააწყნარა. შიმკენტურ გუნდში არაჯანსაღ კლიმატზე დიდი ხანია საუბრობენ, ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბის უხეშ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ საღამოს რესტორანში გუნდის გასამშვიდობებელი საღამო იყო დაგეგმილი, მაგრამ რესტორანში არავინ მისულა“, - დაწერა კოჟახმეტმა.
შეგახსენებთ, კახა ცხადაძე „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე მას „კაირატი“, ბაქოს „ინტერი“, „ლოკომოტივი“, „სიონი“, „დინამო თბილისი“, ბაქოს „სტადარდი“, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები გაუწვრთნია.