ჩილელ გოლკიპერ კლაუდიო ბრავოსა და არტურო ვიდალს შორის არც ისე დიდი ხანია რაც “შავმა კატამ“ გაირბინა და ამის მიზეზი რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კლაუდიოს ნამეტნავად ენაგრძელი ცოლი კარლა პარდოა, რომლის ავყიობის გამო არტურო ვიდალი და სხვა მისი თანაგუნდელები ბრავოს კარგა ხნის მანძილზე შემოსწყრნენ.
სამი წლის წინ, როდესაც ჩილეს საფეხბურთო ნაკრებმა ბრაზილიასთან 3:0 მარცხი იწვნია, კლაუდიო ბრავოს მეუღლემ ეს მარცხი ჩილელ ფეხბურთელთა გართობის მოყვარეობას, ლოთობასა და მუდმივ ღრეობას დააბრალა რასაც ფეხბურთელების მხრიდან მეტად მწვავე რეაქციები მოჰყვა. ვიდალმა კი მისი გუნდის გოლკიპერს საქმე გაურჩია - შენი ცოლი გააჩერეო.
ახლა როდესაც ამ ამბიდან დიდი დროა გასული, კარლა პარდომ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაამლაშა და ბოდიშს უხდის ჩილეს ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რომელთა შორის უთანხმოების მიზეზიც გახდა. როგორც ჩანს, ბოლოს მაინც მეგობრობამ გაიმარჯვა, მაგრამ უთანხმოების გამო განცდილ მარცხებს ეს მაინც ვერაფერს უშველის...