ჩოგბურთი

23:20 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის კიდევ ერთი შანსი

რაფაელ ნადალს კარიერის განმავლობაში 86 ტურნირი აქვს მოგებული და მიმდინარე წელს მე-20 დიდი სლემის ტურნირიც მოიგო, თუმცა ესპანელს ჯერჯერობით ერთი გამორჩეული ტიტული არ აქვს მოპოვებული. ნადალს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით გამართული წლის შემაჯამებელი ტურნირი მოგებული არ აქვს და 2020 წელს კიდევ ერთხელ შეეცდება გამარჯვებას.

ნადალი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე 18 მოგება და 14 წაგება აქვს. რაფაელმა ორჯერ შეძლო ფინალში გასვლა, თუმცა 2010 წელს როჯერ ფედერერთან წააგო, ხოლო 2013 წელს - ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ნადალი აღნიშნავს, რომ დარბაზში კარგად ვერ თამაშობს, თუმცა შემდეგ კვირას იმედის თვალით უყურებს.

"ჩვენ შეგვიძლია გამართლება მოვუფიქროთ წარუმატებლობას, მაგრამ ბოლოს რიცხვები რიცხვებია. ვფიქრობ, რომ დარბაზში უფრო ცოტას ვთამაშობ ხოლმე, ვიდრე სხვა საფარზე, ეს ცხადია. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში დარბაზის კორტის საფარი ჩემთვის იდეალური არ იყო. ვფიქრობ ბოლო პერიოდში დარბაზის კორტებზე უფრო კარგად ვთამაშობ, ვიდრე ეს კარიერის დასაწყისში იყო, მაგრამ ეს უბრალოდ რიცხვებია. სხვა განსხვავებულის თქმა არ შემიძლია და ვიმედოვნებ კვირას ყველაფერი შეიცვლება." - განაცხადა ATP-ის ვებგვერდთან საუბრისას ნადალმა.

ნადალი, რომელიც შემაჯამებელზე მეთექვსმეტედ იასპარეზებს, მიმდინარე წელს დარბაზის ტურნირზე მეორედ ითამაშებს. რაფაელმა პარიზის მასტერსზე გასულ კვირას მიიღო მონაწილეობა. ესპანელმა ფელისიანო ლოპესი, ჯორდან ტომპსონი და პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა და აღნიშნული მასტერსის ნახევარფინალში მეხუთედ გავიდა. საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მაქსიმუმი აღმოჩნდა ესპანელისთვის, რადგან ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

წლის შემაჯამებელის წილისყრა უკვე გაიმართა და გაირკვა, რომ ნადალი ზვერევს ჯგუფში არ შეხვდება, თუმცა რთული მეტოქეები ეყოლება. ნადალი აშშ-ს ღია პირველობის გამარჯვებულ დომინიკ ტიმს, შემაჯამებელის გასული წლის ტრიუმფატორს სტეფანოს ციციპასს და 2020 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. ნადალი პირველ შეხვედრას რუბლიოვთან კვირას გამართავს. რუსმა წელს სანკტ-პეტერბურგსა და ვენაში დარბაზის ტურნირები მოიგო და კარგ ფორმაში იმყოფება.

"ვიცი, რამდენად კარგად ვარ მომზადებული. შევეცდები ყველა მატჩში კარგად ვითამაშო. ასეთ საფარზე უკვე ოთხი მატჩი ჩავატარე და ვიმედოვნებ ეს გამოცდილება დამეხმარება, ასევე ორი დღეა დარჩენილი მატჩამდე და მოსამზადებლად დრო მაქვს. იმედი მაქვს მზად ვიქნები ისეთი გამოწვევისთვის, როგორიცაა რუბლიოვისნაირ რთულ მეტოქესთან თამაში." - აღნიშნა ნადალმა.

ზემოთაღნიშნული ოთხეულის გარდა (ჯგუფი ლონდონი 2020), მეორე ჯგუფი სახელწოდებით "ტოკიო 1970" ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დანილ მედვედევმა, ალექსანდრ ზვერევმა და დიეგო შვარცმანმა დააკომპლექტეს. მსოფლიოს პირველ ნომერს შემაჯამებელი ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული, ხოლო რეკორდსმენი როჯერ ფედერერია ექვსი ტიტულით. ჯოკოვიჩს ტურნირი 2015 წლის შემდეგ არ აქვს მოგებული, ხოლო მოქმედი ჩემპიონი სტეფანოს ციციპასია.

0.11605