ფეხბურთი

13:34 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდი რაინდის დაბრუნება

- ეს რა უცნაურ ქვეყანაში მოვედით ჩემო მეგობარო სანჩო. ამდენი დუქანი და ფუნდუკი ერთად არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს აქაურებს შეძლებაც კარგი აქვთ და არც პირის გემოს უნდა უჩიოდნენ.

- პირის გემო მართლაც რომ ჩინებული აქვთ ჩემო ბატონო, მაგრამ აი შეძლებაზე კი რა გითხრათ. ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ქვეყანააო დუნიაზე.

- აბა მაშ საიდან ამდენი დუქანი და ჭამა-ყლაპვის ალაგი? იმედია ესეც ალქაჯებმა და მოჩვენებებმა არ მომალანდეს.

- ეგეთი ხალხია ჩემო ბატონო. ორი კაპიკიც რომ იშოვნონ, წამსვე დუქანში გარბიან და ნუნუას არაკრაკებენ. სულ ასე როდი იყვნენ. ამ ბოლო დროს დასჩემდათ მუცელღმერთობა, მავანთა გაფეტიშება და მერე მათი ჩაქოლვა.

- ეგ როგორ სანჩო? გაფეტიშება და მერე ჩაქოლვა?

- აგერ წინ ერთ მელოტ კაცს ქვებით რომ ათასი კაცი მისდევს ხომ ხედავთ? ეგ მაგათი ფეხბურთის გუნდის მწვრთნელია. ბოლო დროს ბევრი თამაში წააგო და ქვებით უნდათ მისი ჩაქოლვა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მასზე ლოცვებს მოისმენდით ჩემო ბატონო.

- ლოცვებსაო? რეებს მიედ-მოედები სანჩო?

- სწორედაც რომ ეგრე იყო ჩემო ბატონო. ყველა ანგელოზი გამიწყრეს თუ ვცრუობდე. როცა ეგ მელოტი კაცი მწვრთნელად დანიშნეს, ეს ხალხი ისეთ რამეებს იძახდა, თვალები ზემოთ აგივარდებოდათ და გული აგიჩქარდებოდათ. “ძლივს ჩვენებური ნიჭიერი კაცი გვეღირსაო:”, “აბა უცხოელი მწვრთნელები ჯობდაო?”, “ვაცალოთ კაცო ვაცალოთ და ნახეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ არ გაგვიყვანოსო” – იძახდნენ და საპირისპირო რომ გეთქვა, ქვებით შენ გამოგეკიდებოდნენ...

- მერე მერე?

- მერე ისა დიდი რაინდო, რომ ერთხელ ჩვენი სოფლის მღვდელს თეთრი ვირი სახელად “პრადერო” ვენათხოვრე და აქ ვიყავი ჩამოსული რაღაც ჩემებურ გლეხურ საქმეზე. ჰოდა, ერთ დუქანში ამ მელოტი მწვრთნელის გაქილიკებისათვის გვარიანად გამასილაქეს. ერთმა ეგეც კი არ მაკმარა და აგერ მკლავზე ხმლით ნიშანი დამადო – მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავალთ, მაშინ დახედავ და გაგახსენდება რეებსაცა ღაჯუნებდი და რეებსა ბოდავდიო. ჰოდა ახლა ის დროა მივიდე და ვუთხრა რაც გულში მაქვს, მაგრამ ეგეც არ გამოვა, რადგან საპირისპიროს მტკიცებას დამიწყებენ – ჩვენ არ გვინდოდა ამის მწვრთნელობა და შენნაირებმა შემოგვტენესო. ვიცი მე ამათი ამბავი.

- მართლაც რომ უცნაური ხალხს უცხოვრია ამ მიწაზე სანჩო. შენი მიტყეპვის ამბავმა ბრაზი გამიღვიძა და სისხლი ამიჩქროლა. წამოდი, მივეჭრათ აგერ დიდი ფუნდუქის პირას მდგომ უსაქმურ ჯეელებს და მოვთხოვოთ პასუხი ჩემი საჭურველთმტვირთველის ცემისათვის!

- გევედრებით, ეგ არ ქნათ ჩემო ბატონო! ეგენი უსაქმური ჯეელები კი არა, პოლიტიკური პარტიის აქტივისტები არიან. ეს ის ხალხია, ყოველ წელს პარტიებს რომ იცვლიან და საძაგლობებში ისე არიან გამობრძმედილნი, მე და თქვენ კი არა, მთელი რაინდთა დუჟინა ვერ აუვა ამათ ოღრაშობებს.

- რეებსა ჩმახავ სანჩო? პოლიტიკური პარტიის აქტივისტები რაღა უბედურებაა? განა ესენიც ავსულებსა და ბოროტებას ემსახურებიან?

- კიდევ უფრო უარესი ბატონო! ესენი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ემსახურებიან, რომლებიც ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრებზე ბევრად საშიში ხალხია. უმჯობესია საერთოდ უკან გავბრუნდეთ ჩემო ბატონო.

- უკანო? ვინ გგონივარ შე მშიშარა და ბეჩავო გლეხო! მომეცი ჩემი უდრეკი ხმალი და გაუბზარავი მუზარადი, რომ ეს უტიფარნი ნაფლეთებად ვაქციო. შენ კი დადექი შორს და იხილე შენი ბატონი აქ რა ამბებს დაატრალებს! დადეეექ!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119738