ბაჩანა არაბული კარიერას „ლამიაში“ გააგრძელებს. ბერძნულმა გუნდმა ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბაჩანა თავისუფალი აგენტი იყო და „ლამიაში“ უფასოდ გადავიდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლამიაში“ ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრებთან შეხვედრას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს“, - თქვა ქართველმა შემტევმა.
არაბული შარშან „პანიონიოსის“ ღირსებას იცავდა და 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ლამიამ“ რამდენიმე დღის წინ გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა. „ლამიას“ საბერძნეთის სუპერლიგაში ორი ტურის თავზე 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.