ფეხბურთი

10:22 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული მედია: ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ sturmnetz.at-ი წერს. სტატია ავსტრიის თასზე, „შტურმისა“ და „ინსბრუკის“ წინასამატჩო პერიპეტიებს ეძღვნება (ჯერ კიდევ 4 დღის წინ) და მასში ნახსენებია, რომ „შტურმის“ ორ ფეხბურთელს COVID-19-ზე დადებითი ტესტი აქვს.

ერთი ფილიპ ჰუსპეკია, მეორე - ოთარ კიტეიშვილი. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 10 დღის წინ წინ, გრაცულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა გუნდში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტი, მაგრამ დაინფიცირებული ფეხბურთელის გვარი მაშინ კლუბს არ გაუსაჯაროვებია.

მას შემდეგ „შტურმმა“ ორი მატჩი ჩაატარა (ერთი ამხანაგური, ერთი ოფიციალური) და კიტეიშვილი სამატჩო განაცხადში ერთხელაც არ ყოფილა, მაშინ, როდესაც მანამდე პრესეზონის ფარგლებში ჩვეულებრივად ემზადებოდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ვლადიმირ ვაისმა ოთარი ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა, თუმცა მისი სიიდან ამოღება მოუწია. ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა, იმის მიუხედავად, რომ კიტეიშვილის ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული ვებგვერდები არ ავრცელებენ.

sturmnetz.at-ის ცნობით,დაინფიცირებული ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მალე საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდებიან. WORLDSPORT.GE ოთარ კიტეიშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

0.117523