კალათბურთი

13:56 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელებმა იტალიური ტურნირი ბულგარეთთან მარცხით დაასრულეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიის კურორტ დომეჯი დიკადორში გამართული საერთაშორისო ტურნირი “მენეგინ დი სილვესტრი“ მე-4 ადგილზე დაასრულა. ტურნირის ბოლო მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდი იმ ბულგარეთთან დამარცხდა, რომელსაც მანამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებში ისევ ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც ხელზე ნეკა თითის ძვალი აქვს გაბზარული. თუმცა, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ის ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. ბულგარელებთან არც ნიკა რამიშვილს უთამაშია.

რაც შეეხება ბულგარელებთან მატჩს, ქართველებმა უიმედოდ წააგეს. პირველი მეოთხედი 14:29 დათმეს, რის შემდეგაც ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ ვითარება ვეღარ გამოასწორეს. საბოლოოდ, უსტიაშვილის გუნდმა 54:85 წააგო და ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ბულგარელებმა ქართველებს პირადი მოგების ხარჯზე გადაასწრეს, პირველ ადგილზე კი იტალია გავიდა, რომელმაც ბოლო მატჩში უკრაინა გაჭირვებით – 76:71 დაამარცხა. ეს ის უკრაინაა, რომელსაც საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებმა 63:55 მოუგო.

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. უსტიაშვილის გუნდი ესტონეთში, ევროპირველობაზე 7 ივლისს გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ასაკობრივ გუნდებს შორის 20-წლამდელთა ნაკრები ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში თამაშობს.

აღნიშნული დივიზიონის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს 9-დან 21 ივლისის ჩათვლით ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს. ასპარეზობის მონაწილე 20 ნაკრები 4 ხუთგუნდა ჯგუფში გადანაწილდა.

ქვეჯგუფში საქართველოს მეტოქეები სერბეთის, ლიტვის, გერმანიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლას I-IV ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ.

ბოლოადგილოსნები ერთ ჯგუფში გაერთიანდებიან და A დივიზიონში დასარჩენ ერთადერთ საგზურს ორ წრედ გაითამაშებენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი A დივიზიონში დარჩება, ხოლო დანარჩენი სამი B დივიზიონში გადაინაცვლებს.

 

საერთაშორისო ტურნირი “მენეგინ დი სილვესტრი”. დომეჯი დიკადორი (იტალია). 30 ივნისი

ბულგარეთი – საქართველო 85:54 (29:14, 9:12, 27:12, 20:16)

საქართველო: ორმოცაძე (3), ო. ფხაკაძე (4), გრძელიძე (2), ჯინჭარაძე (5), კვანტალიანი, ცირეკიძე (2), როგავა (14),  გელაზონია (12), თ. ფხაკაძე (2), მიქელაძე (10).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099671