6 ივლისს კალათბურთის აკადემიის დარბაზში საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში ჩატარდა. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის ზემოხსენებული ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე A დივიზიონში ითამაშებს. ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატი 9-21 ივლისს გაიმართება, საქართველოს დაუპირისპირდებიან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები: საბერძნეთი, გერმანია, სერბეთი და ლიტვა (ევროპის მოქმედი ჩემპიონი). სულ A დივიზიონში 4 ჯგუფი და ჯამში 20 გუნდია. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა, ჩარჩენილი 2-2 გუნდი კი დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება და B დივიზიონში ბოლო 3 გუნდი გავარდება...
პირველი შეხვედრა 9 ივლისს გერმანიასთან შედგება, რომელიც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი იქნება გუნდისთვის, თუმცა, წინა შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. შემდგომში, 11 ივლისს ქართველი ახალგაზრდები მოქმედ ჩემპიონს - ლიტვას დაუპირისპირდებიან. 12 ივლისს საბერძნეთი-საქართველოს შეხვედრა შედგება, ხოლო 13-ში - საქართველო-სერბეთი.
დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის თავდაუზოგავ შრომას შედეგი საკვალიფიკაციო რაუნდში. ახლა, ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ 20-წლამდელებს და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ მათ.
დავით უსტიაშვილი (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწრვთნელი): „საკმაოდ სერიოზულ ეტაპზე გადავედით და ძალიან დაძაბული თამაშები ელით ბიჭებს. 20 წელი ეს უკვე დიდი ასაკია. უმეტესობა 94-იანები არიან, რომლებიც შარშან ჯერ კიდევ 18-წლამდლებში თამაშობდნენ და ეს იქნება პირველი გამოცდილება მათთვის. A დივიზიონი ყველაზე სერიოზული ეტაპია და ყველა შეხვედრა დაძაბული იქნება. მით უმეტეს, რომ შარშან ლიტვა ჩემპიონი გახდა, სერბეთმა - მე-4 ადგილით დაასრულა ასპარეზობა, გერმანია მეხუთეზე იყო და საბერძნეთი - მეშვიდეზე. ყველა გუნდი ძლიერია, ასე რომ, ბიჭებს ერთი-მეორეზე უფრო რთული შეხვედრები ელით. გუნდს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს ბექა ბურჯანაძის სახით, რომელიც დიდი ძალაა გუნდისთვის. ის გუნდის კაპიტანიცაა და ლიდერიც, თუმცა ახლა ტრავმირებულია და ვერ მოახერხებს თამაშს. შარშან ბურჯანაძე მესამე ადგილზე იყო თავისი შედეგიანობით 20-წლამდელებში. კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ გუნდიდან. მთლიან გუნდზე ვამყარებ იმედებს. ბიჭებმა ბევრი იშრომეს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ. ვნახოთ, რა იქნება.
რეზო როგავა (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი): „ძალიან დიდი ხანია, ამ ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ორი მოსამზადებელი ტურნირი. იტალიაში ჩავატარეთ შეხვედრები საკმაოდ ძლიერ გუნდებთან, როგორებიცაა იტალია, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ. ჩამოსვლის დღიდან ვმუშაობთ ჩვენს მინუსებზე და მათ გამოსწორებაზე. ტალინში ჩვენი პირველი და უშუალო მეტოქე გერმანიაა, რომელთანაც წინა ეტაპზე ბოლო მომენტამდე ვიგებდით და მიწურულს დაშვებული შეცდომების გამო ბოლო მომენტებში წავაგეთ. ეს თამაში გადამწყვეტია ჩვენთვის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენი მეტოქე, ოთხივე გუნდი ძალიან ძლიერია, მაგალითად საბერძნეთს შარშანაც იგივე შემადგენლობა ყავდა გამოყვანილი 20-წლამდელებში, რაც წელს. ძირითადად 1993-იანებითაა დაკომპლექტებული. ლიტვა ჩემპიონია, სერბეთი ამხანაგურებში თითქმის ყველას უგებს, გერმაციაც საკმაოდ მაღალი დონის გუნდია. პირველ ეტაპზე ჩვენთვის აუცილებელია, შევინარჩუნოთ ადგილი A დივიზიონში, შემდეგ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კარგი შედეგის მისაღწევად. გუნდს დიდი დანაკლისი აქვს, ტრავმირებულია ბექა ბურჯანაძე, რომელიც გუნდის კაპიტანია, თუმცა მთელი გუნდი ვეცდებით ერთად შევავსოთ ეს დანაკლისი და კარგი შედეგები ვაჩვენოთ“.
კახა ჯინჭარაძე (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი): „სამაოდ კარგი შედეგები გვქონდა. გერმანიასთან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, თუმცა ბოლო მომნტებში დავკარგეთ შანსი. ამჯერად მაქსიმალურად შევეცდებით. ბექა ძალიან დიდი ძალაა გუნდისთვის. ის კაპიტანია. ძალიან დაგვაკლდება და გაგვიჭირდება მის გარეშე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით მოვიგოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. ჩატარებული შეხვედრებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ უკრაინასთან მეორე მატჩს, სადაც გუნდურად ვითამაშეთ, თან ბექას გარეშე. პირველ რიგში ვეცდებით გერმანიასთან მოვიგოთ, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. შემდეგ ვნახოთ, მთავარია, ჯგუფიდან გავიდეთ. გადამწყვეტი გერმანიაა. ლიტვასთან და სერბეთთან სავარაუდოდ ძალიან გაგვიჭირდება თამაში“.