საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპული ტურნე დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა ლუქსემბურგში გამართულ მესამე, სპარინგ-მატჩში 14-ქულიანი მარცხი იწვნია. შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან 63:77 წააგო.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო აკლდა 4 წამყვანი მოთამაშე – ალექსანდრე ბოლქვაძე, ლერი კვანტალიანი, სანდრო სანაძე და მერაბ მირზიაშვილი. ამასთან ერთად, ლუქსემბურგელებს წინა დღეებში ქართველებთან 2 მატჩი ჰქონდათ წაგებული და მათი თანამემამულე მსაჯები მასპინძლების მიმართ დაუფარავ სიმპათიას გამოხატავდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპული შეკრება, რომლის ფარგლებშიც 6 მატჩი გამართა. ქართველებმა რუმინეთში ადგილობრივ ნაკრებს 3-დან 2 შეხვედრა მოუგეს და იგივე შედეგი აჩვენეს ლუქსემბურგშიც, ადგილობრივ გუნდთან. საქართველოს ნაკრები თბილისში ბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი 20-წლამდელები “ბ“ დივიზიონის B ჯგუფში მოხვდნენ, ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად. მთლიანად “ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც ორ ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო “ა“ დივიზიონის საგზურებს სამეულში გასული გუნდები მოიპოვებენ.
ევროპის ჩემპიონატი ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში 10-20 ივლისს გაიმართება.
www.gbf.ge









