სალონიკის პაოკ-მა ნიკა ნინუას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა ნახევარმცველმა ბერძნულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 32-ნომრიანი მაისური მოირგო.
ნინუა "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და დედაქალაქური გუნდის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 14 გოლის გატანა და 15 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
21 წლის ფეხბურთელისთვის პაოკ-ი პირველი უცხოური გამოწვევაა. სალონიკელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობენ, სადაც "ბეშიქთაშს" ხვდებიან, კლუბს, რომელსაც ნინუას კარგა ხანი უკავშირებდნენ, მაგრამ ნიკა თურქეთის ნაცვლად საბერძნეთში აღმოჩნდა.