საქართველოს ნაკრების მცველის, სოლომონ კვირკველიას საკლუბო მომავალი გაურკვეველია. მართალია, სეზონის ბოლო ტურში ჩვებურმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, „ლოკომოტივის“ ახალი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი მისდამი ნდობით განწყობილი არაა.
Sport.sm.news-ი კი წერს, რომ კვირკველია გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და იმასაც გვამცნობს, რომ ქართველის ყიდვა არავის უნდა...
„ბრაიან იდოვუს შემდეგ გუნდიდან წასვლის მეორე კანდიდატი სოლომონ კვირკველია არის. საჩემპიონო სეზონში კედელივით იყო, ნამდვილად ევროპული დონის ფეხბურთელივით ითამაშა. გასული სეზონიდან კი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, თავიდან ტრავმის გამო, მაგრამ შემდეგ მეოთხე მცველად იქცა. სამწუხაროა, რომ ქართველი, რომელმაც სიომინისგან კარიერაში მეორე შანსი მიიღო, პოტენციური მყიდველების რადარებიდან გაქრა. 2019 წლის ზამთარში ამბობდნენ, რომ ნისლიან ალბიონზე „ლესტერს“ უნდოდა მისი შეძენა, მაგრამ ახლა ეს ოცნებაა, რომელიც არ ახდება“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვრიდან თამაშობს და გუნდთან ერთად რუსეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. 2019-2020 წლების სეზონში ქართველი ყველა ტურნირის ჩათვლით მოედანზე მხოლოდ 12-ჯერ გავიდა.