კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ სუმო განახლდა. პირველივე საშეჯიბრო დღე კი წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი მიმდინარე ბაშოზე მე-11 მაეგაშირას წოდებით გამოდის, მისი მეტოქე კი ასევე ე-11 მაეგაშირა შიმანოუმი იყო, რომელსაც პირველად დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თავის სასარგებლოდ გახსნა.
რაც შეეხება უშუალოდ ორთაბრძოლას, შეტაკებისთანავე ტოჩიმ უპირატესობა მოიპოვა და იაპონელის დამარცხება მალევე შეეძლო, თუმცა, მან ჩვენებურს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და წონასწორობა შეინარჩუნა. მაგრამ, ლევანმა მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა მაინც მოახერხა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამრიგად, ტოჩის 1 მოგება აქვს და იმისთვის, რომ რეიტინგში პროგრესი განიცადოს - დარჩენილი 14 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7 მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც აქამდე 19-ჯერ შეხვედრია და 12 ორთაბრძოლა მოიგო.