უკრაინული „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძის დებიუტი შედგა. ლვოვურ დერბიში გასვლაზე „კარპატისთან“ ქართველი სპეციალისტის გუნდი ფრეს გამორჩა (1:1).
სტუმრები 36-ე წუთზე დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს კი „კარპატის“ ფეხბურთელი გაუძევეს. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა „ლვოვმა“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში გაუშვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ნამატჩევს ცეცაძემ თამაში შეაფასა:
"მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავედით. პირველ ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, კარგად გამოვიყურებოდით. შესვენების შემდეგ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, იყო დაღლილობის მომენტიც, ამიტომ იძულებული გავხდი ცვლილებები გამეკეთებინა.
მთლიანობაში გამარჯვება შეგვეძლო. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში „კარპატიზე“ ბევრად უკეთ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი ვერ შევძელით თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა, ასე რომ, შედეგი ლოგიკურია. შესვენების შემდეგ ჩვენი თამაში თავად გავფუჭეთ და გამარჯვება ვერ შევძელით“, - განაცხადა ცეცაძემ.
ისიც ვთქვათ, რომ „კარპატის“ შემადგენლობაში 75 წუთი ითამაშა ქართველმა მცველმა ანდრო გიორგაძემ. სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ლვოვი“ 23 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. ლიგიდან მხოლოდ ერთი გუნდი ვარდება.