ფეხბურთი

12:59 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ის მაინც ბრუნავს

ყველაფერი პარიზში ჩაწოდებული კუთხურით დაიწყო - სწრაფი გათამაშება, მეკარის საჯარიმოსთან ბურთის, ერთი შეხედვით, სახიფათოდ „ჩაგდება“, მოჩვენებითი საფრთხე, მშვიდი დაცვა, ცივი გონება, მილიმეტრებში გამოზომილი გადაცემა, ბურთის წინ გაგდება, გაკიდება, მეკარის მოტყუება და „ბავშვის“ მიერ მახვილი კუთხიდან კარგად შესრულებული დარტყმა - 3:0 და ჩემპიონთა ლიგის მერვე თასი.

მოგონებები ყველას უხვად გვაქვს, როგორც კარგი, ისე - ცუდი. ზოგი გვაღიმებს, ზოგი გადატანილ შიშს ხელმეორედ განგვაცდევინებს-ხოლმე, მაგრამ არის ჩვენს ტვინში რაღაც ადგილი, პატარა სექცია, სადაც განსაკუთრებული მომენტები ინახება. “Inside Out” თუ გინახავთ, შეიძლება, ამ სიტყვების უკეთესად წარმოდგენაში დაგეხმაროთ, თუ არა - არც ეგაა პრობლემა, ისეთ მომენტებს ვგულისხმობ, რომელიც, ერთი ცნობილი რეკლამის არ იყოს, გვაფრთიანებს და თითქოს არსაიდან უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს. მოგონებები, რომლებიც არცთუ ბევრია, მაგრამ რამდენიმე ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია.

ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი „მარგალიტი“ სწორედ 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელსაც დარწმუნებული არ ვარ, რომ სრულად ვუყურე, მაგრამ რაულის გოლი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. ამ ეპიზოდმა, თითქოს, 6 წლის ბავშვის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. წესები ბოლომდე არ მესმოდა (არაუშავს, ბევრი მსაჯი მახსენდება, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს), არც ის ვიცოდი, „რამდენი კაცი დასდევდა ერთ ბურთს“, არც სავიოს სახე იყო ნაცნობი და არც რაულის, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვხვდებოდი - როგორ პიროვნებადაც არ უნდა ჩამოვყალიბებულიყავი, როგორი სამეგობროც არ უნდა მყოლოდა და რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, მწვანე მინდორი, თეთრი ხაზები და შავ-თეთრი ბურთი იმ დღიდან ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა.

შემდეგ იყო სკოლა, ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ინგლისური და კიდევ არაერთი რამ, რაზეც მშობლებმა „შემიყვანეს“. არც ერთს ვაკნინებ და თითოეული მათგანი (იმის მიუხედავად, მაშინ მომწონდა თუ არა) ახლა ტკბილად მახსენდება, მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა მთელი გულით მიხაროდა, „ირაოს“ სტადიონი იყო. მიხაროდა კი არა, ბავშვობაში კვირის მხოლოდ ოთხ დღეს „ვაღიარებდი“, დანარჩენ სამს კი ამ ოთხზე ფიქრში ვატარებდი. ორშაბათს ფეხბურთი მქონდა, სამშაბათი-ოთხშაბათი „ლიგის დღეები“ იყო, პარასკევობით კი, ისევ მთელი დღე საღამოს 5 საათს ველოდი, რომ ვაკის იმ ერთ ციცქნა სტადიონზე შემედგა ფეხი, რომელიც მაშინ უზარმაზარი მეგონა. ის იყო ჩემი „ბერნაბეუც“, „სან სიროც“, „უემბლიცა“ და „მარაკანაც“. საწვრთნელ ბაზად და მუხლებისა თუ სხეულის სხვა ნაწილების დასამტვრევად ბეტონის ან ასფალტის ნებისმიერი სწორი ან შიგადაშიგ ოღრო-ჩოღრო ზედაპირიც გამოდგებოდა. აი, ისეთი, ნაწვიმარზე თამაშისას რომ ცდილობ, „მოედნის“ გარკვეულ მონაკვეთებს აერიდო, რადგან ჯერ ერთი, სველი ბურთი არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ამაზე მეტად იმაზე ზრუნავ, რომ შენი კარისკენ წასულ ბურთს „გოლბეკი“ არ გაეცალოს, აქაოდა, „ახლები მაცვია“ და დასვრა არ მინდაო. ზემოთ დამავიწყდა - ამ საწვრთნელ ბაზებს (რომლებზეც, როგორც წესი, რონალდინიოს, ზიდანის ან სხვა რომელიმე დიდი მოთამაშის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ „ფინტებს“ ვამუღამებდით) 2-4 აგური ან ქვა ამშვენებდა, რომელიც არცთუ მარტივი საშოვნელი იყო, ამიტომ ყველა ინახავდა. იქვე, მოედნის მიმდებარედ, აუცილებლად შეამჩნევდით ლამაზად დაწყობილ ან მიწყობილ ძელის ერთგვარ ანალოგიებს.

შემდეგ იყო ცარცი, გარაჟები და ხელოვნური საფარი...

კარგია ბავშვობა, მაგრამ ვიზრდებით და ინტერესებიც გვეცვლებაო, ამბობენ. მეც გადმოცემით ვიცი, თორემ ფეხბურთის მიმართ ჩემს სიყვარულს დრო ნამდვილად ვერ შეასუსტებს. საერთოდაც, რამდენად კარგადაც არ უნდა მიცნობდეთ, ალბათ, მაინც ვერასოდეს გაიგებთ ზუსტად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს შავ-თეთრი მრგვალი სფერო და მისი თანხმლები 22 სუბიექტი.

ფეხბურთიდან „გამოვედი“, სკოლაც შევიცვალე - მათემატიკაში ვიყავი კარგი და ჩემს ტვინს მეტი "გასაქანი" მისცეს. ეს ხუმრობით, ისე კი, მშობლებს ყველაზე მეტად სწორედ ჩემს ახალ სკოლაში გადაყვანას „ვუმადლი“, შედეგად კი სწავლასაც მოვუმატე. ბუნებრივია, როდესაც რაღაცაზე მეტი დროის ხარჯვას იწყებ, ეს დრო სხვა აქტივობებიდან უნდა „დაზოგო“. სკოლის შემდეგ მთელ დროს ისედაც 2 რაღაცას ვუთმობდი - მეცადინეობასა და ფეხბურთს (ეზოში ან ტელევიზორში). თქვენ როგორ მოიქცეოდით? ფეხბურთს ვერ შეველიე, ამიტომ ძილი დაზარალდა. რას ვიზამთ, პრიორიტეტების ამბავია და 5-6 საათიც ეყოფა სხეულს დასასვენებლად.

ორი „თავური“ - ფეხბურთიდან ფეხბურთამდე...

ფეხბურთზე სიარულს 2006 წელს დავანებე თავი და სწორედ ამ დროს დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ეს მომავალში უბრალოდ ჩემი ჰობი იქნებოდა, პროფესიად კი რაიმე სხვა უნდა ამერჩია. ზაფხულის პირველი თვე ტელევიზორთან გავატარე - მსოფლიო ჩემპიონატი, კოკა-კოლა, ჯო კოული, კრიშტიანოს თვალის ჩაკვრა, ზიდანი და მატერაცი.

სექტემბერში ახალ სკოლაშიც მივედი და მაშინ არჩეულ კურსს აღარ გადავუხვიე - გამომდიოდა, მიყვარდა და გავყევი - უნივერსიტეტშიც მათემატიკურზე „მოვეწყვე“.

ზიზუსა და მეორე „თავურს“ შორის 8 წელი და ბევრი მოგონებაა - კაკა და ერთმანეთს შემოტყორცნილი „წითელი ეშმაკები“, „ტიკი-ტაკა“, დი მატეოს ავტობუსი, სტადიონის ზედმეტად მორწყვა და ა.შ.

მოგონება კარგიც ბევრია და ცუდიც - ამავე შუალედს ემთხვევა ინგლისის გარეშე ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი, წვიმის გამო მოცურებული ტერი, ჰოლანდიის მარცხი რუსეთთან და „ზენიტის“ ევროთასები. ჰოლანდიის დიდი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ (მიუხედავად იმისა, რომ „ტოტალური ფეხბურთი“ ყოველთვის მომწონდა), არც “რეინჯერსს“ ვგულშემატკივრობ და არც „მანჩესტერს“, უბრალოდ „ზენიტს“ ვერ ვიტან. პრინციპში, ვერც იმ გუნდებს, სანქტ-პეტერბურგელებს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობისთვის რომ ეჯიბრებიან. რას ვიზამთ, ერთი დიდი ქვეყნის სპორტული თუ არასპორტული წარმატებებისკენ გული ბავშვობიდან არ მიმიწევს.

მე-2 კურსის ბოლოს რაღაც მომივიდა. მგონი, საიდანღაც გადმოვვარდი ან გადმოვხტი და ტერფები ისე დავიბეჟე, კვირაზე მეტი შეხვეული ვიწექი. შეიძლება, რაიმე სხვა ტრავმა მქონდა, თავს ვერ დავდებ, რადგან ეს ბევრჯერ გამომივლია. ვინც მიცნობს, უფრო მარტივად მიხვდება და დაიჯერებს - რობენივით ვარ, შუშის.

სწორედ ასე, მწოლიარემ ვუყურე მაშინ ლიგის ფინალს - მოდრიჩი, რამოსი და „ლა დესიმა“. ნამდვილი გულშემატკივრები მიხვდებოდით, რომ ამ გოლის გამო მკურნალობის პროცესი ოდნავ გამიხანგრძლივდა. ნამდვილად ღირდა, დღესაც ისევე აღვნიშნავდი, როგორც მაშინ.

საოცარი „შვიდიანით“ დაწყებული სიყვარული, „რეალისთვის“ ასევე ლეგენდარული 14 ნომრით გაგრძელდა (გუტიზე მოგვიანებით აუცილებლად ცალკე დავწერ) და კასილასის მიერ მეათე თასის აწევით დაგვირგვინდა. არა, არ იფიქროთ, რომ რაღაც დასრულდა, პირიქით, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს „ჰობიზე“ ბევრად მეტი იყო და მომავალში აუცილებლად მოვიდოდა დრო, როდესაც მთელ ჩემს სამუშაო რესურსსა და დროს სპორტს მივუძღვნიდი. ამას მოჰყვა ჩემი პირველი და დაუვიწყარი სამსახურეობრივი შეხება საყვარელ საქმესთან. საქმესთან, რომელსაც არაფერზე გავცვლი.

მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა და არაერთი სამსახურიც შევიცვალე, მაგრამ, ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ფეხბურთი ჩემთან იყო და მე - მასთან. არ არსებობს დღე, როდესაც მისთვის ვერ მოვიცლი. არ არსებობს ადგილი, სადაც თამაშს ვერ ვუყურებ. არ არსებობს ბურთი, რომელსაც დავინახავ და ცოტას არ გავაგორებ და არ არსებობს ადგილი, სადაც ამის გაკეთებას შეუფერებლად ჩავთვლი.

დღევანდელობას დავუბრუნდეთ და ირგვლივ მიმოვიხედოთ - უკვე რამდენიმე თვეა, მსოფლიო ვირუსთან ომითაა დაკავებული და იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მალე ვნახავთ მონატრებულ მეგობრებსა და ლამაზ ადგილებს; გარეთაც ისე გავალთ, რომ ქვეცნობიერი რაიმე კანონის შემთხვევით არ დარღვევაზე და უსაფთხოებაზე არ იფიქრებს; დავუბრუნდებით სტადიონებს და შაბათ-კვირას ხინკლითა და ლუდით გატენილ მაგიდებს; „დღეს ლიგას სად ჩავუჯდეთ?“ - მსგავს ფრაზებსაც მოვისმენთ და კიდევ ბევრ კარგ ახალ რაღაცას გამოვცდით.

წინა აბზაცი კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ პროგნოზი და მომავლის თემაა, ამიტომ, უმჯობესია, დღევანდელ დღეზე ვილაპარაკოთ.

  • 16 მაისი
  • შაბათი
  • კარგი ამინდი (არ ვიცი, თქვენ სად ხართ, მაგრამ თბილისში საოცარი დილაა)

დღევანდელი დღე სხვებისთვის, შესაძლოა, ამ 3 მიზეზიდან ერთ-ერთის გამო იყოს გამორჩეული, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამ თარიღს დიდი ხანია, მოუთმენლად ელის. ბევრისთვის ეს ბრძოლის მოგების პირველი სერიოზული ნიშანი და იმედია, რადგან დღეს რაღაც ხდება - ის, რის გამოც დილის 6 საათზე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ.

გაჩერებული დედამიწა დღეს „იქოქება“ და ბრუნვას თავიდან იწყებს. მართალია (და იმედია) მას ბრუნვა არ შეუწყვეტია, მაგრამ ეს პლანეტა სხვა უამრავი მიზეზის გარდა, იმითაცაა გამორჩეული, რომ მასზე მისი მსგავსი, მაგრამ პატარა და ფერად-ფერადი სფეროებიც ტრიალებენ. ზოგი ყვითელია, ზოგიც - მუქი ნარინჯისფერი შავი ზოლებით, ზოგი სფეროს არც კი წააგავს, მაგრამ მაინც გვიყვარს, ზოგი კი მარტივად, შავ-თეთრ ფერებშია გამოწყობილი და მილიონობით ადამიანს დღეიდან ცხოვრების გალამაზებას ჰპირდება.

დღეს „ბუნდესლიგა“ ბრუნდება!

თავს აღარ შეგაწყენთ, გილოცავთ და თქვენი საყვარელი კლუბის თამაშიც მალე გენახოთ.

სხვისი არ ვიცი, მე კი ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, რადგან არ არსებობს ზებუნებრივი ძალაც კი, რომელიც ჩემში იმ 8 წლის თვალებანთებულ და პირღია ბიჭს დააძინებს, რომელმაც ეს-ესაა კარლოსის ჩაწოდება და ზიდანის საოცარი დარტყმა საკუთარი თვალით, პირდაპირ ეთერში იხილა.

წყარო - ის მაინც ბრუნავს...

0.13622