ბლოგი

13:39 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოგონილი დიალოგები

ადამიანი, რაც არ უნდა “ენამჭევრი” და საინტერესო მოსაუბრე იყოს, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც დგება მუდამჟამს აქტუალური პრობლემის წინაშე. ამ პრობლემას ერთობ მარტივი სახელწოდება აქვს _ სალაპარაკო თემის არქონა. არადა, ალბათ დამეთანხმებით, რომ სასაუბრო საგნის უცაბედ გაუჩინარებას, რაზეც თანამედროვე ახალგაზრდები საუბრობენ, “ტვინის დროებით დაშადთაუნებას” ეძახიან.

იგი სწორედ ისეთ დროს იჩენს ხოლმე თავს, როდესაც ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს სულ გამარჯვებებზე და წარმატებებზე ვისაუბროთ და ჩვენი მსმენელი გავაოცოთ, აქაოდა “ამ კაცს ეს რა მაგარი რაღაცეები სცოდნიაო”. მაგრამ უცებ “თხრილში ჩავარდნილი ურემივით” ვერც წინ მიდიხარ, ვერც უკან. ფიქრობ, ფიქრობ რა თქვა და ბოლოს როდესაც რწმუნდები, ძიება კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე გაყენებს, ხელს ჩაიქნევ და ბედს შერიგებული კაცივით უაზროდ მიაჩერდები შენზე არანაკლებ დაბნეულ მოსაუბრეს.

თუმცა ბოლო დროს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის ამბები ის თემა გახდა, რაზედაც მოხუციც და ახალგაზრდაც დიდი ამოხვნეშების თანხლებით საუბრობს და ამას ყველაზე ნათლად და კარგად პანდმეისის დაწყებამდე თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მიხვდებით.

ტებერვალშ, როდესაც ამ საკითხზე უფრო ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, მიკროავტობუსით ისნიდან გლდანამდე რამდენჯერმე მომიწია მგზავრობა. მგზავრებს შორის დიალოგების მოსმენამ ერთი-ორად დამარწმუნა სასაუბრო თემის წინასწარ შექმნის “აუცილებლობაში”. მგზავრები მიკროავტობუსში ყოველთვის ერთი და იგივე თემაზე საუბრობდნენ, როდესაც რაიმე კონკრეტული ადგილის გავლა გვიწევდა. ასე მაგალითად, გავივლიდით “შევარდენის” ყოფილ, ახლა კი უჯვე სარაგბო სტადიონს, დალანდავდა ხალხი სტადიონთან გაჩერებულ მანქანებს და გარჩევაც იწყებოდა რაგბი უფრო “ჩვენი“ სპორტის სახეობა იყო თუ ფეხბურთი.

თბილისის ძველი უბნების გავლისას _ როგორი კარგი ქალაქი გვქონდა ადრე და ახლა რა დღეშია ჩავარდნილიო. მივაღწევდით “დინამომდე” და საფეხბურთო დარდების ახალი შემოტევა მაშინ უნდა გენახათ. თუ მხცოვანი გულშემატკივარიც იჯდა მანქანაში, მაშინ ხომ წუწუნის ფეირვერკი დგებოდა. “განა ადრე არ აგებდნენ კაცო? ადრეც აგებდნენ, მაგრამ ასე ნამუსზე ხელი არავის აუღია.

ყველასთან და ყველგან წაგება გაგონილა?” – ამის თქმა იყო და ხელჩანთებით გავსებულ სკამზე მჯდარი ქალიდან დაწყებული, 15-იოდე წლის თინეიჯერით დამთავრებული, ყველა დარდობდა და დარდობა ჩვენი ფეხბურთის მარადიულად თანმდევ პრობლემებზე.

პოლიტიკა და ფეხბურთი, ეკონომიკური პრობლემები და ფეხბურთი, ტერიტორიული პრობლემები და ფეხბურთი, ყვითელი ჭირები და ფეხბურთი... რიგითი თუ არარიგითი ქართველი ბოლო დროს ყველაფერს ფეხბურთთან აკავშირებს და განა მისი ბრალია, რომ ყველაფერი ისე ხდება, ჩვენი მტერი და დუშმანი რომ ინატრებდა. და სხვა რაღა დაგვრჩენია იმის გარდა, რომ დაზუთხულებივით ვიმეოროთ ერთი და იგივე.

ვგონებ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორისკენ მომავალი სამარშრუტი ტაქსის სცენებიც კარგად ცხადყოფს იმას, რომ წინასწარ შემუშავებული (“დასეივებული”) დიალოგები ზოგჯერ ძალიან გამოსადეგი რამაა და არამხოლოდ გამოსადეგი. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მთელი თავიანთი საურთიერთობო რესურსები ფეხბურთზე სასაუბრო თემებზე აქვთ აგებული. ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ვგონებ ფაქტია, რომ ჩვენი მუდმივი დარდებიც ხშირად მოჩვენებითია, ბლეფია და მეტი არაფერი.

0.12221