მას შემდეგ, რაც ბავშვობაში მე და ჩემმა მეგობრებმა იტალიის ჰიმნის ერთი აბზაცი ვისწავლეთ “სკუადრა აძურას“ ყველა თამაშს ჰიმნის შესრულებით ვხვდებოდთ, თუმცა ბევრისაგან განსხვავებით, საქართველოს ჰიმნიც ვიცოდით და ძალიანაც მოგვწონდა. (ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ ვიღაც-ვიღაცეების პოპულიზმის გამო ჩვენს ჰიმნს შეცვლიან). ბავშვობაში ჩვენთვის ყველაზე ნერვების მომშლელი მაინც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობა იყო, რადგანაც გვეგონა, რომ ამ გუნდს, როგორც წესი მულტისერიალ “სიმპსონების” გმირის, გამერის ტიპის ადამიანები გულშემატკივრობდნენ და ვთვლიდით, რომ ეს ის ხალხი იყო, რომლებიც 60-იან წლებში გაიყინნენ. ახლა ცხადია ასე აღარ ვფიქრობთ და ჩვენი დამოკიდებულებები შეცვლილია. თუმცა, ქომაგებს დაუძლეველი სტერეოტიპები სამწუხაროდ ხშირად ახასიათებთ და სწორედ ამაზე მინდა ორიოდ სიტყვის თქმა.
სტერეოტიპული დაპირისპირებები მხოლოდ პოლიტიკაში არა არის. ფეხბურთის გულშემატკიცრებშიც მეტად მწვავედ დაპირისპირებული ბანაკებია შექმნილი. ეს არ არის ძველი კონფრონტაცია ევროპული და სამხრეთამერიკულ ფეხბურთის გულშემატკივართა შორის. ახლა შეიძლება დაპირისპირებული მხარეები ორ-ორადაც დავაწყვილოთ: გერმანია-ინგლისი; არგენტინა-ბრაზილია; იტალია-ბრაზილია; არგენტინა-ინგლისი და ა.შ. გულშემატკივრებს შორის ატეხილი დავა-კამათები ხშირად სერიოზულ ჩხუბებშიც გადაზრდილა. თუმცა, როგორც წესი ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე, რამეთუ მისი “აღმატებულება“ ფეხბურთი დიდი გამაერთიანებელიცაა.
სტერეოტიპებია ისიც, რომ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრები გამარჯვებას ყოველთვის ლუდით აღნიშნავენ, დამარცხების სიმწარეს კი არყით ანეიტრალებენ. ინგლისის ქომაგნი პირიქით _ არყით გამარჯვებას ზეიმობენ, ლუდი მათთვის წაგების დარდის წამალია. როგორც ხედავთ საქმე გვაქვს ორ ურთიერთდაპირისპირებულ ეთნო-ფსიქიკურ მოვლენასთან, რომელიც ყველაზე მკაფიოდ, სწორედ ფეხბურთში ვლინდება.
ქართველ და ინგლისელ ქომაგებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ჩვენებს ყველა თამაში ჩაწყობილი ჰგონიათ, ინგლისში კი ასე არ არის. ინგლისში ფეხბურთი დაბალი ფენების სპორტია. იქ მდიდარი ხალხი ძირითადად დოღზე დებს ფსონს (ცხენის რბოლა). ასევე პოპულარულია ძაღლების რბოლაც. ბავშვობაში ტელევიზორში მაქვს ნანახი ორი ბებია აღტკინებული თვალებით როგორ უყურებდა ძაღლების რბოლას. ყველა ის ხალხი ვისი წარმატებაც დამოკიდებულია გამართლებაზე, ან მორწმუნეები არიან, ან ცრუმორწმუნეები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი რაღაცა ამ შემთხვევაში ერთმანეთს ავსებს.
ქომაგებს შორის ქალების მომრავლება მთელს მსოფლიოში შეინიშნება (უმეტესად ახალგაზრდა გოგონების) და სხვათა შორის, ფეხბურთის თუ სხვა სპორტის ღრმა ცოდნით ტოლს არ უდებენ მამაკაცებს. აი რას ამბობდა ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, მიჰაილ ბალაკის ყოფილი შეყვარებული, ანა გერცკე ამ 15 წლის წინ, იქამდე, სანამ ბალაკს დაუმეგობრდებოდა:
“ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში შეიძლება ითქვას, რომ ვცოცხლობ მისით. სახლში უბრალოდ ის იციან, რომ ფეხბურთის ცქერა მიყვარს, მაგრამ ის რომ გაიგონ ლექციების დროის ხარჯზე დავდივარ ფეხბურთის სანახავად, დიდი სკანდალი მელის. სპორტულ ბარში ფეხბურთის სანახავად პირველად რომ შევედი, მეგონა ყველა მე მიყურებდა და ძალიან შემრცხვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა დავრწმუნდი, შენი ცქერის ნერვები აქ არავის აქვს. ყველა თავის თავზე ფიქრობს. მერე სხვა ქომაგი გოგები გავიცანი. ახლა კი პრობლემები აღარ მაქვს და ამ გუნდის სრულუფლებიან წევრად ვითვლები“.
ეს გერმანიაში (ევროპის ცენტრში) 15 წლის წინ ხდებოდა და ახლა ქალ ქომაგთა მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო ლიბერალურია.