ფეხბურთი

21:44 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

წამყვანი ჩემპიონატების პროგნოზი - "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი გახდება, ლა ლიგას "ბარსელონა" მოიგებს

კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპის ფაქტობრივად ყველა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. სანამ შიდა პირველობებზე იძულებითი შესვენებაა გამოცხადებული, Euro Club Idex-მა კლუბების ბოლო ოთხი წლის შედეგები გამოიყენა და 100,000 სიმულაციის შედეგად სამეცინიერო პროგნოზი გამოაქვეყნა თუ როგორ დაასრულებენ გუნდები სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობას.

ჩემპიონატებში მატჩების სამი მეოთხედზე მეტი უკვე ჩატარდა Euro Club Idex-მა წარმოადგინა სანდო სიმულაციური მოდელი, რომლის მიხედვითაც "ლივერპული" პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება. მოდელმა "მერსისაიდელების" ჩემპიონობა 100% იწინასწარმეტყველა. აღნიშნული გასაკვირი არცაა, რადგან იურგენ კლოპის გუნდი მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს, ხოლო "ქალაქელებს" შეუძლიათ სეზონის დასრულებამდე მაქსიმუმ კიდევ 30 ქულა აიღონ და და ამის გათვალისწინებით "წითლებს" ჩემპიონობა ფაქტობრივად განაღდებული აქვთ. ასევე, თუ მოდელი სწორ პროგნოზს აკეთებს, "ლივერპული" 102 ქულით დაასრულებს სეზონს და "სიტის" 2017/18 წლების სეზონში დაფიქსირებულ შედეგს (100 ქულა) გააუმჯობესებს.

გერმანიის ბუნდესლიგაში "ბაიერნის" ჩემპიონობის შანსი 84.37 პროცენტია, იტალიაში მოდელის პროგნოზის მიხედვით "იუვენტუსს" ჩემპიონის შანსი 83.98 პროცენტია, ხოლო ესპანეთში "ბარსელონა" (74.22%) გახდება ლა ლიგის გამარჯვებული. საფრანგეთში ლიგა 1-ს პსჟ (99.98%) მოიგებს, ხოლო ერედივიზიონში "აიაქსის" ჩემპიონობის შანსი 80 პროცენტია.

ჩემპიონობის გარდა პროგნოზია გაკეთებული ტოპ 4-სა და გასავარდნი ზონაზეც. ინგლისში "მანჩესტერ სიტი" უეფამ ფინანსური ფეირ პლეის პრინციპების გამო ლიგიდან ორი წლით მოკვეთა და თუ "ქალაქელებს" გამოვრიცხავთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი "ლესტერს" 94.81 პროცენტი აქვს, "ჩელსის" - 80.37%, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" - 73.75%. გასავარდნ ზონას რაც შეეხება, მოდელი ჩემპიონშიფში დაქვეითებას "ბორნმუთს" (50.06%), "ასტონ ვილას" (61.84%) და "ნორვიჩს" (89.93%) უწინასწარმეტყველებს.

ესპანეთში მეორე ადგილს "რეალი" (99.83%) დაიკავებს, ლა ლიგას მესამე პოზიციაზე "ატლეტიკო" (63.07%) დაასრულებს, ხოლო კიდევ ერთი გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს "სევილია" (55.60%) იქნება. ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრება "ლეგანესს" (69.95%), "მალიორკას" (76.34%) და "ესპანიოლს" (81.67%).

გერმანიაში ტოპ 4-ში ასპარეზობას "ბაიერნის" გარდა "ლაიპციგი" (96.67%), "დორტმუნდი" (96.40%) და "გლადბახი" (58.55%) დაასრულებენ. მოდელის პროგნოზის მიხედვით ბუნდესლიგიდან გავარდება "დიუსელდორფი" (73.38%), "ვერდერი" (74.76%) და "პადერბორნი" (99.48%).

იტალიაში რომის "ლაციოს" მეორე ადგილზე გასვლის შანსი 99.86 პროცენტია. მესამე პოზიციას "ინტერი" (97.80%) დაიკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ საგზურს "ატალანტა" (79.04%) მოიპოვებს. სერია A-დან გავარდნა ემუქრება "ლეჩეს" (61.53%), სპალს (91.90%) და "ბრეშას" (98.87%).

საფრანგეთში "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობაზე უკვე ვთქვით და პსჟ-ს გარდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს "მარსელი" (94.68%) და "რენი" (49.65) მოიპოვებენ. ლიგა 1-ს პროგნოზის მიხედვით "ნიმი" (64.56%), "ამიენი" (89.15%) და "ტულუზა" (100%) დატოვებენ.

Euro Club Index-ი რეიტინგს Gracenote Sports-სა და Hypercube Business Innovation-თან თანამშრომლობით აქვეყნებს. აღნიშნული რეიტინგი გამოიყენება დარჩენილი მატჩების პოტენციური შედეგების გამოსათვლელად, რათა სეზონის დასრულების ბოლოს, მივიღოთ ყველაზე მიახლოებული სატურნირო ცხრილი.

0.15581