კორონავირუსმა სპორტულ სმაყაროზე უდიდესი გავლენა რომ მოახდინა, ეს უკვე ახალი ამბავი არაა. ევროპაში თითქმის ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერდა, მათ შორის ტოპ ჩემპიონატები (სერია A, ლა ლიგა, ლიგა, პრემიერლიგა, ლიგა 1), ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.
თუმცა, მიმდინარე უიქ-ენდზე მთლად უფეხბურთოდ (ჯერჯერობით მაინც) არ დავრჩით. მაგალითად ევროპაში 13 ქვეყანა დარჩა, სადაც ბურთს ისევ აგორებენ, თუ უახლოეს საათებში რაიმე არ შეიცვალა.
მათ შორის, მოედანზე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდსაც ვიხილავთ. უნგრეთში, დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლებს, რომელიც ოთხი დღის წინ თასის მეოთხედფინალიდან გააგდო.
ითამაშებენ რუსეთშიც. მოსკოვის „ლოკომოტივი“ „როსტოვს“ ესტუმრება (15 მარტს) და შეხვედრაზე მაქსიმუმ 5 ათას მაყურებელს ექნება დასწრების უფლება. სოლომონ კვირკველიას დისკვალიფიკაციის გამო ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ წინა ტურში მიღებული წითელი ბარათი ანულირდა და იური სიომინი თუ მოისურვებს, მოედანზეც ვიხილავთ. აქვე, დღეს გია გრიგალავას „არსენალი“ ყაზანის „რუბინს“ დაუხვდება, სადაც ზურიკო დავითაშვილს ველოდებით, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია. ჯემალ ტაბიძის „უფა“ კი კვირას მოსკოვში ცსკა-ს ეწვევა და ჩვენებური წესით მინდორზე იქნება.
ტური შედგება ყაზახეთშიც. ქართველების „ტობოლი“ დღეს „ჟეტისუს“ ესტუმრება, ხოლო ლევან კუტალიას „ირტიში“ „კიჟილჟარს“ უმასპინძლებს, ელგუჯა ლობჯანიძის „კაისარი“ კი კვირას „ოკჟეპტესს“ შეხვდება.
უკრაინაში დავით ხოჭოლავას „შახტარი“ 15 მარტს ლუგანსკის „ზორიას“ სტუმრად გაეჯიბრება, ხოლო თურქეთში ლევან შენგელიას „ქონიასფორი“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ მასპინძელი იქნება. სხვათა შორის, აქვე პარასკევს საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუმ“ სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და შინ „რიზესფორს“ 2:1 აჯობა. ქართველმა შემტევმა ბოლო 5 წუთი ითამაშა.
სხვათა შორის, კვიპროსის ჩემპიონატიც არ იყო გადადებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ შეჩერდა. იგივე ბედი ეწია საფეხბურთო სეზონს შვედეთშიც. ვნახოთ, ამ წუთისთვის წერილში ხსენებული მატჩები უნდა გაიმართოს, თუმცა მოვლენების სწრაფი ცვლილებაც არაა გამორიცხული.