ვაკო გვილიასთვის 2020 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და „ლეგიას“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ქართველმა ფეხბურთელმა „კრაკოვიასთან“ (2:1) გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ვარშავული გუნდის რიგებში ეს მისი საუკეთესო გოლი იყო.
აქვე გეტყვით, რომ ვაკო ექსტრაკლასას XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მიმდინარე სეზონში მეორედ.
„წლის დასაწყისი ჩემთვის ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ მთავარი გუნდია. როგორც იცით, ახლა „კრაკოვიას“ 6 ქულით ვუსწრებთ, „პოგონს“ კი რვა ქულით. მიუხედავად ამისა, კონცენტრაცია მომდევნო მატჩებში არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი თამაში კარგია, მაგრამ იდეალური ჯერაც არაა, მეტი შეგვიძლია.
საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა მეტოქეების შედეგებზე. თუ გუნდისთვის ვიბრძოლებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, რომ „ლეგიაში“ ჩემი ყველაზე ლამაზი გოლი გამოდგა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჰეთ-თრიქის შესრულება შემეძლო, მაგრამ ეს მთავარი არაა. ნაკლებ შედეგიანობაში ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებ, საკუთარ თავში მუდმივად ვხედავ ისეთ რამეებს, რაზეც მომავალში უნდა ვიმუშაო“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ მედიასთან.
გვილიას მიმდინარე სეზონში პოლონეთში ჩემპიონატში 24 თამაშში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. გარდა ამისა, პოლონეთის თასზე ორ მატჩში ერთხელ გაიტანა, ხოლო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.