ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა „გენკთან“ (4:1) მატჩის შემდეგ შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. ბუნებრივია, ამ კითხვით მან პასუხი გასცა გიორგი ქვილითაიას მწირ სათამაშო დროსა და გიორგი ჩაკვეტაძის უთამაშებლობას.
დანიელის განცხადებით, ცდილობს სწორი ბალანსი იპოვოს და განსაკუთრებით შეტევაში დიდი არჩევანი გააჩნია. მოგეხსენებათ, გუშინდელ მატჩში ქვილითაიამ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და საგოლე პასის შესრულება მაინც მოასწრო, ხოლო ჩაკვეტაძე თადარიგში დარჩა.
„გასულ კვირას ორი თავდამსხმელით თამაში ვცადეთ. ამჯერად სხვანაირად გადავწყვიტეთ. გვინდა ბალანსი ვიპოვოთ, როგორც სრულყოფილმა გუნდმა, ახლა თავდამსხმელს დავიდი შევუწყვილე. შეტევაში დიდი არჩევანი გვაქვს, თუნდაც სათადარიგო სკამიდანაც შეგვიძლია თამაშის შეცვლა. ცხადია, სულ უფრო და უფრო რთულია სასტარტო შემადგენლობის შერჩევა, მაგრამ ეს კარგია. დღეს ჩაკვეტაძეს თამაშიც არ მოუწია... სრული ბირთვით უნდა ვითამაშოთ თუ გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში წარმატებას მივაღწიოთ“, - თქვა თორუპმა.
შეგახსენებთ, „გენტი“ ბელგიის ჩემპიონატში ამ დროისთვის 45 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გამსვლელ ექვსეულში ადგილი პრაქტიკულად დაბევებული აქვს.