იტალიური „კალიარი“ მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა და 12 ტურის შემდეგ ოთხეულში იმყოფება. სარდინიელებმა საწყის ორ ტურში მარცხი განიცადეს, მაგრამ მას შემდეგ 10 მატჩია დაუმარცხებლები არიან.
კუნძულელთა წარმატება სპორტულ დირექტორ მარჩელო კარლის სახელსაც უკავშირდება, რომელიც „კალიარიში“ „ემპოლიდან“ გადავიდა. კარლი ძალიან კარგად იცნობს ლევან მჭედლიძეს, რომელსაც მისი მოღვაწეობის პერიოდში მთავარ სინანულად მიიჩნევს.
Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინ იყო მისი კარიერის სინანული, რაზეც კარლის არ უფიქრია, ისე უპასუხა:
„სინანული? ერთი, მხოლოდ ერთი. ლევან მჭედლიძე საქართველოში აღმოვაჩინე, როდესაც 16 წლის იყო. ჩემი აზრით, ფანტასტიკური თავდამსხმელი გახდებოდა, რომ არა ჰქონდა ყველა ის ტრავმა, რამაც მისი კარიერა შეაფერხა“, - თქვა კარლიმ.
შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე იტალიაში თავდაპირველად „პალერმოს“ (2008-2010), შემდეგ კი „ემპოლის“ (2010-2019) ღირსებას იცავდა. ცოტა ხნის წინ კი, ქართველი ფორვარდი სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში ირჯება.