ფეხბურთი

18:53 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გენკის ნაცვლად გენტი - "ლივერპულის" ქომაგებს ქალაქი შეეშალათ

„გენკი“ და „გენტი“ - ორი ბელგიური გუნდი, რომელთა სახელწოდება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა გუნდებია. სწორედ სახელების მსგავსებამ „ლივერპულის“ ორი გულშემატკივარი შეცდომაში შეიყვანა.

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე „გენკს“ (4:1) ესტუმრა, „წითლების“ ქომაგებმა მატჩის ბილეთებიც შეიძინეს და როცა ეგონათ, რომ სტადიონზე შევიდოდნენ და საყვარელ გუნდს უქომაგებდნენ, შეცდომა აღმოაჩინეს - ისინი გენკის ნაცვლად გენტში იმყოფებოდნენ!

შედეგად, თამაშს „გენკის“ სტადიონის ნაცვლად გენტის ერთ-ერთი ბარიდან უყურეს. ამ კურიოზული ცნობის გაგების შემდეგ „გენტმა“ სოციალური ქსელის მეშვეობით ორივე ქომაგი ევროპა ლიგის მატჩზე დაპატიჟა.

„თუ ვინმე იცნობთ ან იცით მათი საკონტაქტო დეტალები, აცნობეთ, რომ ისინი უფასოდ არიან მიწვეულნი დღეს საღამოს ევროპა ლიგის მატჩზე „გენტი“ – „ვოლფსბურგი“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდი სოციალურ ქსელში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „გენტი“ და „გენკი“ ვერ განასხვავეს ერთმანეთისგან. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მომავალი მეტოქეების შესახებ დაწერა და „გენკის“ ნაცვლად წერილში „გენტი“ მოიხსენია.

0.118044