საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ლატვიური შეკრება ჩვეული ტემპით, მშვიდად მიმდინარეობს. გუნდი კვლავ ორჯერადი ვარჯიშებითაა დატვირთული.
10 ივლისს, გია ცეცაძე ნაკრებს მხოლოდ საღამოს ავარჯიშებს, 11-ში კი, ჩვენს გუნდს რიგის “სკონტოს“ დუბლებთან ტესტ-მატჩი ექნება. ამის შემდეგ, ყველანი სტადიონზე წავლენ ევროპის ლიგის მატჩში ლაშა დვალის მხარდასაჭერად, ხოლო 12 ივლისიდან ორჯერადი ვარჯიშები განახლდება.
გუშინ გვიან საღამოს, ლატვიაში ჩამოვიდა და შეკრებას შეუერთდა რუბინის “ყაზანის“ ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა. “ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი. ნაკრებთან ერთად ყოფნა მინდოდა. ჩემს ფრანგ თანაგუნდელს შევპირდი, თქვენების კარში გოლს გავიტან-თქო და ძალიან მინდა, ნათქვამი შევასრულო“ – განაცხადა 19-წლამდელთა ფორვარდმა.
საღამოს ვარჯიშით გია ცეცაძე კმაყოფილი დარჩა, თუმცა, მისი თქმით, ეს “ნამდვილი“ ვარჯიშის 70 პროცენტი იყო და ნათელია, რომ გუნდი დღითიდღე უმატებს.
ამაში, ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძეც დაგვეთანხმა, როცა ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელების საერთო ფიზიკური მომზადებაზე დავეკითხეთ.
თემურ ლორთქიფანიძე: “ამ ბიჭებმა მზადების პირველი ეტაპი თავიანთ კლუბებში გაიარეს და რაღაც დონეზე მივიდნენ. გუშინ, საღამოს ვარჯიშზე პატარა გამძლეობის ტესტი ჩავატარეთ – ე.წ. “სათამაშო ვარჯიში“ და ვნახეთ, რომ ბიჭები უკვე საკმაოდ კარგ დონეზე არიან. ამას მათი პულსი და გულისცემის სიხშირეც ადასტურებს. დღევანდელ დილის ვარჯიშზე კი, რეაქტიულ ძალაზე ვიმუშავეთ; ანუ დატვირთვა გაიზარდა და შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ასე ნელ-ნელა წავალთ წინ და მივალთ ევროპის ჩემპიონატამდე.
დატვირთვები, როგორც ასეთი, არ მოიმატებს, რადგან ტურნირამდე მცირე დროა დარჩენილი და მერე ფიზიკური შესაძლებლობების ვარდნა იწყება-ხოლმე. რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება ზომიერი და დაბალანსებული.
იმ ფეხბურთელების პრობლემაც არ იქნება, რომლებიც ნაკრებს გვიან შემოუერთდებიან. ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე ევროპის ლიგაში თამაშობენ, ნიკა კაჭარავა კი, კლუბთან ერთად შეკრებაზე იყო და ამხანაგური თამაშები ჩაატარა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაკრებში მოუმზადებელი არავინაა. მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია, თუ როგორი განწყობით ჩამოვლენ. გუნდის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის დაწყებისას ფეხბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვიქნები“.
გუშინვე, 23:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სფფ-ის მიერ მომზადებული პროექტი – 19-წლამდელთა საფეხბურთო დღიურების პირველი გადაცემა გავიდა.
გადაცემის ვიდეოჩანაწერი დღეიდან სფფ-ის ფეისბუქისა და იუთუბის ოფიციალურ გვერდებზე განთავსდება, ფოტორეპორტაჟსა და სხვა საინტერესო სიხლეებს კი, სფფ-ის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაეცნობით. იქვე, ნახავთ ყოველდღიური ვარჯიშების მოკლე ვიდეოებსაც.
სფფ-ის პრესსამსახური