საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბელგიაში გამართული ელიტრაუნდის დასკვნით ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის მასპინძლების 19-წლამდელთა ნაკრები 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში ფანცულაიამ გახსნა. მასვე, 74-ე წუთზე უპირატესობის ორ ბურთამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. ცეცაძის შეგირდებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს – 78-ე წუთზე თავი სამუშიამ გამოიჩინა.
საქართველო-ბელგიის თამაშის პარალელურად ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და ინგლისელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.
საქართველო: თებიძე, დვალი, სანდოხაძე, გეგეჭკორი, ჭანტურია, უბილავა, სამუშია (გურეშიძე 81), ცნობილაძე, ფანცულაია, ზივზივაძე, ზარანდია.