ფეხბურთი

21:59 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: "კვირკველია სათამაშო პრაქტიკას საქართველოს ნაკრებში მიიღებს"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში სოლომონ კვირკველიამ ადგილი დაკარგა. ჩვენებურს იური სიომინი აღარ სწყალობს და უკვე კარგა ხანია მის უთამაშებლობას ხან რას მიაწერს, ხან - რას.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში „არსენალთან“ შეხვედრაში „ლოკომოტივს“ მოედანზე სამი ცენტრალური ჰყავდა - ბენედიქტ ჰიოვედესი და ვედრან ჩორლუკა დაცვის ცენტრში, ხოლო მურილო ხორკერა (რომელიც ცენტრალური მცველია - რედ) საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა. პირველ ტაიმში „რკინიგზელების“ გერმანელმა მცველმა ტრავმა მიიღო და სიომინმა შესვენებაზე შეცვალა.

ჰივედესის ნაცვლად კი, მოედანზე თადარიგში მყოფი ერთადერთი ცენტრალური მცველის ნაცვლად (კვირკველია) საყრდენი ნახევარმცველი სტანისლავ მაგკეევი გამოჩნდა. შედეგად, ჩორლუკას მურილო შეუწყვილდა.

ნამატჩევს სწორედ ამ ცვლილების შესახებ ჰკითხეს რუს სპეციალისტს, რომელსაც საკმაოდ უცნაური პასუხი ჰქონდა - დასვენება სჭირდებოდაო:

„კვირკველია არ შევიდა, რადგან დასვენებისთვის დრო სჭირდებოდა. ახლა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, პრაქტიკას იქ მიიღებს და გუნდში ამის შემდეგ მოხვდება“, - თქვა სიომინმა.

სხვათა შორის, გამოცდილი სპეციალისტი დაახლოებით თვენახევრის წინაც მსგავს კომენტარს აკეთებდა და ამბობდა, რომ სოლომონი ჯერ მზად არ იყო. არადა, რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურიდან მოყოლებული (უკვე 12 ტური მიილია) ჩვენებური სათადარიგო სკამზე ზის და როგორც წესი, ტრავმირებული ფეხბურთელები განაცხადში არ შეჰყავთ...

ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში ერთადერთ მატჩში ითამაშა და ისიც ყველაზე უმნიშვნელოვოში, რუსეთის თასზე, 120 წუთი. პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მოედანზე არ გამოჩენილა.

0.11394