ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დაიწყო და გათამაშებაში ორი ქართველი ლეგიონერის გუნდი ჩაერთო.
უნგრული „ფერენცვაროში“, რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს, ბარსელონაში, „ესპანიოლს“ ესტუმრა და ამარცხებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საპატიო ფრეს გამოჰკრა ხელი (1:1). ქართველმა დაცვის ცენტრში ტრადიციულად ითამაშა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა. „ფერენცვაროში“ მომდევნო ტურში „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც.
ბელგიურმა „გენტმა“ კი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და „სენტ ეტიენს“ სახლში 3:2 მოუგო. გიორგი ქვილითაიას თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე წამით მიეცა, როდესაც იეს თორუპმა დროის გაყვანის მიზნით მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეოთხე წუთზე ჩართო თამაშში. ბელგიელები მეორე ტურში უკრაინაში „ოლექსანდრიას“ ესტუმრებიან.