ფეხბურთი

13:23 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეა - საქართველო: ამხანაგური მატჩი სტამბოლში

საქართველოს ნაკრების 25 ფეხბურთელი წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის უკვე სამი დღეა სტამბოლში ემზადება. ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული ორი ვარჯიშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი 4 სექტემბერს ს.კ. ბაშაქშეჰირის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე წარიმართა. არენა, რომელიც 17 800 გულშემატკივარს იტევს, ოფიციალურად 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა მასშტაბის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მატჩს უმასპინძლა.

5 სექტმბერს აღნიშნულ სტადიონზე კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრა გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად დასახელებული შემადგენლობის შემდეგ ნაკრებს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრებისა და შახტარის მცველი ამჟამად გუნდთან ერთად სტამბოლშია და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ არის. დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა ლაშა დვალმა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი კორეის წინააღმდეგ.

ნაკრების დებიუტანტები ზურიკო დავითაშვილი და ლევან შენგელია საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა:

ვლადიმირ ვაისი: “ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის.“

საქართველოს ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს პირველად შეხვდება. ჩვენი ნაკრების მსგავსად, პაულო ბენტუს გუნდისთვის სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ოფიციალური შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სტამბოლიდან თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და დანიასთან შეხვედრისთვის მოემზადება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი 17:30 (თბილისის დროით) სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი.
კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი 20:00 თბილისი, დინამო არენა
საქართველო - დანია

http://gff.ge

0.115449