ფეხბურთი

23:06 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ათვლა დაიწყო, "უნიონმა" "დორტმუნდი" მიწაზე დააბრუნა

გერმანიის ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ ერთბაშად ხუთი უდანაკარგო გუნდი იყო, მაგრამ ახლა, მესამე ტურის თავზე ამ შედეგით თავის მოწონება ოდენ „ლაიფციგს“ შეუძლია, რომელმაც ჯერ კიდევ პარასკევს „გლადბახი“ დაამარცხა.

აი, „ლევერკუზენი“ და „ვოლფსბურგი“ ფრეებს დასჯერდნენ, ხოლო „დორტმუნდი“ „ფრაიბურგი“ საერთოდ უქულოდ დარჩნენ.

დღის ბოლო შეხვედრა ბერლინში შედგა, სადაც დებიუტანტმა „უნიონ ბერლინმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რადგან ბუნდესლიგაში პირველად მოიგო. თანაც, ხუმრობა საქმე ხომ არაა „დორტმუნდის“ ძლევა, რომელსაც წელს უმაღლესი მიზნები აქვს დასახული და აქამდე 100%-იანი შედეგით მოვიდა. მარიუს ბატლერის 22-ე წუთზე გატანილი გოლი პაკო ალკასერმა მაველე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელთა შეჩერება სტუმართათვის გადაუჭრელი ამოცანა აღმოჩნდა.

იმავე ბატლერმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლუსიენ ფავრის გუნდის კარში მესამე გოლი სებასტიან ანდერსონმა დააფიქსირა - 3:1. ვთქვათ, რომ „უნიონის“ სათადარიგო სკამზე დარჩა აკაკი გოგია.

თუ „დორტმუნდმა“ სეზონში პირველი მარცხი განიცადა, მიუნხენის „ბაიერნმა“ პირველად გამოაჩინა რეალური ძალა და შინ „მაინცი“ გააცამტვერა. ცხადია, მაინცელები ნიკო კოვაჩის გუნდის საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ დაფიქსირებული ანგარიში მაინც ძველ „რეკორდმაისტერს“ გვახსენებს. არადა, მე-6 წუთზე „მაინცი“ დაწინაურდა და ზუსტად ნახევარი საათის განმავლობაში იგებდა, მაგრამ 36-ე წუთიდან მასპინძლებმა სტუმართა რბევას საფუძვლიანად მიჰყვეს ხელი. აღვნიშნოთ, რომ „ბაიერნის“ რიგებში სადებიუტო გოლები გაიტანეს ბენჟამენ პავარმა, ივან პერიშიჩმა და ალფონს დევისმა. ბუნებრივია, ამ გოლეადაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია რობერტ ლევანდოვსკისაც.

„ლევერკუზენმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა, მაგრამ ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. იგივე ითქმის „ფრაიბურგზეც“, რომელმაც „კიოლნს“ ტაიმი მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ გაუშვა და საერთოდ დამარცხდა. სხვათა შორის, „თხებმა“ ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ასევე პირველად მოიგო „შალკემ“, მეტიც პირველი გოლები გაიტანა ახლა სეზონში და ეს ბერლინის „ჰერტასთან“ გააკეთა - 3:0. „ვოლფსბურგი“ კი საკუთარ მოედანზე „პადერბორნთან“ ქულას დასჯერდა, მაგრამ ლიდერთა შორის მაინც იმყოფება, რადგან წინა ორი ტურიდან ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა გამოდნობილი.

მესამე ტური ხვალ „ვერდერი“ – „აუგსბურგისა“ და „აინტრახტი“ – „დიუსელდორფის“ მატჩებით დასრულდება.

„ლევერკუზენი“ – „ჰოფენჰაიმი“ 0:0 (0:0)

„ბაიერნი“ – „მაინცი“ 6:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბოეტიუსი (6), 1:1 პავარი (36), 2:1 ალაბა (45), 3:1 პერიშიჩი (54), 4:1 კომანი (64), 5:1 ლევანდოვსკი (78), 6:1 დევისი (80)

„შალკე“ – „ჰერტა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შტარკი (38, ა.გ), 2:0 რეკიკი (48, ა.გ), 3:0 კენი (85)

„ფრაიბურგი“ – „კიოლნი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შიჩოსი (40, ა.გ), 1:1 მოდესტე (52), 1:2 სხირი (90)

„ვოლფსბურგი“ – „პადერბორნი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 საული (12), 1:1 ბრეკალო (56)

„უნიონი“ – „დორტმუნდი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბუტლერი (22), 1:1 პაკო ალკასერი (25), 2:1 ბუტლერი (50), 3:1 ანდერსონი (75)

თეგებიბუნდესლიგა
0.163293