ჭიდაობა

13:27 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მაძიებელთა რიცხვს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 2 წევრი შეემატა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ რეპეშაჟის პირველი რაუნდი დასძლიეს.

გოდერძი ძებისაშვილმა (61 კგ.) ჩინელ ჯიაიუნ ჰეს 5:2 სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ გაბრიელ რობერტ ტაგს გაეჯიბრება. ამ წონაში ფინალში უკრაინელი და იაპონელი ფალავნები იბრძოლებენ.
მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) მონღოლი გან ერდენე სოდბილეგის დაჯაბვნა არ გასჭირვებია ვასილ ხვისტანს. ჩვენებურმა 11:1 მოიგო და მე-3 ადგილისთვის თურქ პაშა ეკრემ კარაბულუტს დაუპირისპირდება. აქ, ოქროს ამერიკელი და ირანელი მოჭიდავეები გაითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება გუშინვე გაინაღდა მირიან მაისურაძემ (86 კგ.), რომელიც ნახევარფინალში ინდოელ ფალავანთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის კი კანადელ ჰანტერ ჯეფრი ლის შეერკინება.
ტალინში ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

0.217767