ჭიდაობა

16:40 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი მირიან მაისურაძე (86 კგ.) ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

მაისურაძემ კვალიფიკაციაში უზბეკ მუხამადრასულ რახიმოვს 5:0 სძლია, მერვედფინალში ჩეხ ვოიცეხ პისკორს 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი ყაზახი აბილაი სოვეტი 6:0 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ინდოელი დეეპაკ პუნია იქნება.
მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.), გოგა მამიაური (74 კგ.) და ვასილ ხვისტანიც (125 კგ.).
ძებისაშვილმა მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკი (10:4) და გერმანელი ნიკო მეგერლე (5:2) ჩამოიცილა, მეოთხედფინალი კი იაპონელ კაიკი იამაგუჩისთან 0:11 წააგო. თუკი აზიელმა ფინალის საგზურიც მოიპოვა, გოდერძი რეპეშაჟში გადაერთვება.
მაიამური მერფვედფინალში აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევთან 2:7 დამარცხდა და ახლა, სწორედ მისი გამამწარებლის წარმატების მოლოდინშია, რათა სანუგეშო რაუნდში გადავიდეს. ხვისტანმაც პირველივე ორთაბრძოლა 0:10 დათმო ამერიკელ მეისონ მარკ პარისთან. თუკი ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველ მოჭიდავეს რეპეშაჟში გადაიყვანს.
სამწუხაროდ, მალევე დაასრულა ასპარეზობა გიორგი ჩანქსელიანმა (92 კგ.). მან უზბეკ აიინიაზ საპარნიაზოვთან 12:16 წააგო და ვინაიდან აზიელი ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა, ჩვენებური მსოფლიო პირველობას დაემშვიდობა.
საღამოს სესია სტარტს თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს და დღესვე, პირველი მედალოსნების ვინაობასაც შევიტყობთ. შეგახსენებთ, რომ ბაგრატ გაგნიძე (79 კგ.) ფინალშია გასული და ოქროს მედლისთვის რუს ამხად ტაშუხაჯიევს შეერკინება.

0.116668