საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ლაშა შინდაგორიძემ დატოვა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის შემტევი კარიერას სოლიგარსკის „შახტიორში“ გააგრძელებს.
შინდაგორიძე მიმდინარე სეზონში „საბურთალოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 10 გოლი ჰქონდა გატანილი.
მანამდე კი „ზესტაფონის“, „დინამო თბილისის“, „ცხინვალის“, „ტორპედოს“, „სიონისა“ და უნგრული „ბალმაზუივაროშის“ რიგებში უთამაშია.
რაც შეეხება „შახტიორს“, ბელარუსის ჩემპიონატში 31 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიურ „ტორინოს“ დაუპირისპირდება.