ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
27 წლის ჩვენებურის განცხადებით, ძალიან ბედნიერია და საოცარი გრძნობაა ფინალში თამაში. საინტერესოა, რომ ნიკოლოზმა ჰამბურგის კორტზე შეკრებილი პუბლიკის წინაშე ინტერვიუს ბოლოს ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა - ჯერ ინგლისურ, შემდეგ კი ქართულ ენაზე!
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე ჩემპიონობა. კარგია, რომ გუშინდელი რთული მატჩისთვის ძალები აღვიდგინე და მზად ვიყავი. ყოველთვის საოცარი გრძნობაა, როდესაც ფინალში გიწევს თამაში და მადლობა ყველას.
მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, სპონსორებს. ჩემს მწვრთნელს, რომლის დამსახურებაა ეს წარმატება, ის აკონტროლებს ჩემს ქმედებას კორტზე და პასუხისმგებელია ჩემს თამაშზე. მადლობა გულშემატკივრებს, რადგან კორტზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გულშემატკივრებს საქართველოდან, დიდი მადლობა ყველას (ნიკოლოზმა ბოლო წინადადება ქართულად წარმოთქვა - რედ)“, - თქვა ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მესამედ მოიგო ATP-ის 500-იანი ტურნირი, ხოლო ჰამბურგის ტურნირზე ტიტული დაიცვა, რაც ბოლოს 2005 წელს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჰქონდა გაკეთებული.