ფეხბურთი

14:33 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის სასკოლო ლიგა თბილისის 166-ე სკოლამ მოიგო

30 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის სასკოლო ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს თბილისის პირველი და 166-ე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და 166-ე სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფუტსალის სასკოლო ლიგის გამარჯვებულს და მეორე ადგილოსანს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს.

ფუტსალის სასკოლო ლიგა საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპილოტე პროექტია და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით წელს პირველად გაიმართა. პირველი გათამაშება 17 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა თბილისის ათმა სკოლამ მიიღო. მომავალში პროექტი მთელს თბილისს მოიცავს, საბოლოოდ კი, ფუტსალის სასკოლო ლიგა 17-წლამდე მოსწავლეებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: “დღეს, ფუტსალის სასკოლო ლიგის პირველი გათამაშება დასრულდა, რომელიც საპილოტე პროექტი იყო და მასში თბილისის 10-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მსურს, რომ ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო მონაწილეობისთვის, გამარჯვებულ, 166-ე სკოლას კი, ღირსეული ჩემპიონობა მივულოცო.

აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, რომ ფუტსალის ასოციაციას და მის პრეზიდენტს, ლევან ცქიტიშვილს მადლობა გადავუხადო. ძალიან სასიამოვნოა, რომ პროექტმა უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მომავალში ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ ლიგამ თბილისის ყველა სკოლა მოიცვას, მომავალში კი, აქცენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე გაკეთდება.”

ლევან ცქიტიშვილი - სფა-ის პრეზიდენტი: “სასიამოვნოა, რომ სკოლებს შორის ფუტსალის ჩემპიონატი ჩატარდა. ამჯერად ტურნირში მონაწილეობას 10 სკოლა იღებდა, მაგრამ მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მასშტაბი გაიზარდოს. დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. ჩვენ ერთობლივად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ.”

0.116865