მეორე ევროპულ თამაშებზე, დღეს, ტყვიის სროლაში ტურნირზე, სამივე ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა - ისინი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში პირად პირველობაში გამოვიდნენ.
დილით ვაჟთა ტურნირი გაიმართა, რომელიც ცოტნე მაჭავარიანმა 571 ქულით (96, 94, 94, 97, 95, 95) დაამთავრა და 21-ე ადგილზე გავიდა.
ქალებში ნინო სალუქვაძის შედეგია 572 ქულა (94, 92, 94, 93, 95, 94) - 26-ე ადგილი, ნინო ხუციბერიძემ კი 557 (89, 95, 94, 97, 89, 93) დააგროვა და 29-ზე გავიდა.
ვაჟებში საპრიზო სამეული ასე განაწილდა: 1. არტემ ჩერნოუსოვი (რუსეთი) - 241.4 ქულა (ევროპული თამაშების რეკორდი; მან საკვალიფიკაციო ეტაპიც რეკორდით მოიგო - 585 ქულა); 2. ოლეჰ ომელჩუკი (უკრაინა) - 239.6; 3. ლაურის სტრაუტმანისი (ლატვია) - 219.3.
აღსანიშნავია, რომ ჩერნოუსოვმა ფინალშიც ევროპული თამაშების რეკორდი დაამყარა და საკვალიფიკაციოც ამ ტურნირის რეკორდით მოიგო - 585 ქულა. მან მინსკში უკვე მეორე ოქრო მოიპოვა - წინა დღეს შერეულ წყვილებშიც გაიმარჯვა. ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია ომელჩუკმა მიიღო, რადგან ჩერნოუსოვს უკვე ჰქონდა საგზური.
ქალთა შორის მედალოსნები შემდეგი სპორტსმენები გახდნენ: 1. ზორანა არუნოვიჩი (სერბეთი) - 241.2 ქულა; 2. ანა კორაკაკი (საბერძნეთი) - 238.9; 3. ანტოანეტა ბონევა (ბულგარეთი) - 218.1.
ჩერნოუსოვის დარად, მინსკში არუნოვიჩმაც ამ თამაშების ორი რეკორდი დაამყარა - საკვალიფიკაციოშიც და ფინალშიც. თუმცა საკვალიფიკაციოში მას ამ წოდების სხვებთან გაყოფა მოუხდა, რადგან არუნოვიჩმაც, პოლონელმა კლაუდია ბრეშმა და ავსტრიელმა სილვია შტაინერმაც ერთნაირი შედეგით - 578 ქულით დაასრულეს გამოსვლა. სამივე მათგანი საკვალიფიკაციოს რეკორდის თანაავტორად გამოცხადდა.