ფეხბურთი

16:45 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას ფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელის სოლომონ კვირკველიას ფასი გაიზარდა. Transfermarkt-მა დღეს ქართველი მცველის საბაზრო ღირებულება განაახლა და 10 მილიონ ევრომდე გაზარდა.

კვირკველია დღემდე ხსენებულ ავტორიტეტულ ვებგვერდს 7.5 მილიონ ევროდ ჰყავდა შეფასებული. "ლოკომოტივის" მცველი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, ხოლო მეორე ადგილზე ამ კუთხით გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც 10 ივნისის მონაცემებით 9 მილიონი ევრო ღირს.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული ასეთია:

სოლომონ კვირკველია - 10 მილიონი ევრო

გიორგი ჩაკვეტაძე - 9 მილიონი

დავით ხოჭოლავა - 3 მილიონი

გიორგი ქვილითაია - 2.5 მილიონი

გია გრიგალავა - 1.75 მილიონი

მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელს „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა არაა გამორიცხული მოსკოვური გუნდი დატოვოს. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ევროპიდან საინტერესო წინადადებას აუცილებლად განიხილავს.

აქვე გეტყვით, რომ სოლომონს გასულ ზაფხულს ინგლისურ „ლესტერ სიტის“ აქტიურად უკავშირებდნენ. 2018-2019 წლების სეზონში კვირკველიამ 41 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.131191