ჩოგბურთი

3:30 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არ მინდოდა ამის გამოქვეყნება, მაგრამ" - მარტონ ფუჩოვიჩი ბასილაშვილთან წაგებულ შეხვედრას ვერ ივიწყებს (+VIDEO)

რომში მიმდინარე მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში 6:1, 7:6 (6:2) დაამარცხა. მატჩის ბოლო ნაწილი კი საკამათო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში უნგრელი ჩოგბურთელისთვის.

ტაიბრეიკზე, როდესაც ნიკოლოზი 6:2 იგებდა, თავად (მეორე მოწოდება) აწვდიდა. მოწოდების შემდეგ ხაზის მსაჯმა აუტი დააფიქსირა და თითქოს, ორმაგი შეცდომის გამო ქულა ფუჩოვიჩს უნდა მინიჭებოდა, მაგრამ კოშკურის არბიტრა ეპიზოდი შეამოწმა და ჩათვალა, რომ ბურთი ხაზს შეეხო. შედეგად, ქართველმა ისევ ჩააწოდა და საბოლოოდ, შეხვედრაც მოიგო.

უნგრელი ჩოგბურთელი მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მოვლენების ეპიცენტრს უმალვე ფოტო გადაუღო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც განათავსა.

„ეს იყო ბოლო (სინამდვილეში ბოლოსწინა - ავტ) ქულა ჩემს თამაშში. ნამდვილად არ მინდოდა ამის ჩვენება, მაგრამ ბევრი თხოვნა მივიღე და ამიტომ გადავწყვიტე გამომექვეყნებინა. თუ ბურთი აუტში იყო, ეს მეტოქის ორმაგი შეცდომა იქნებოდა და მეც შანსი მექნებოდა. თუმცა, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა“, - დაწერა უნგრელმა და თან გამოკითხვაც დაურთო, იყო თუ არა ბურთი აუტში.

გამოკითხულთა 80%-მა მიიჩნია, რომ ბურთი აუტში იყო. თუმცა ბუნებრივია ეს არაფერს ცვლის. ალბათ მსაჯის სხვაგვარი გადაწყვეტილებაც არ შეცვლიდა ძირეულად არაფერს, რადგან ქართველი ჩოგბურთელი იმ მომენტში დამაჯერებლად იგებდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეში სერბ ლასლო ჯერეს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109346