ფეხბურთი

17:59 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და საფეხბურთო გარემო წყალტუბოში - "დინამოს" წაუგებელი სერია დასრულდა
"ტორპედოდან" "ტორპედომდე"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური სუპერმატჩით გაიხსნა, რომელსაც წყალტუბომ უმასპინძლა. ქუთაისის „ტორპედო“ ამჯერად საშინაო მატჩებს „26 მაისის“ სტადიონზე ატარებს და მისი მეტოქე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბათუმის „დინამო“ იყო.

აჭარლებმა საწყისი ორი წაგების შემდეგ მიჯრით 8 თამაში ჩაატარეს წაუგებლად (7 მოგება, 1 ფრე) და ბუნებრივია, ასეთი დიდებული სერიის შეწყვეტა არ სურდა. თამაში კი დიდებული გამოვიდა. თამაშიც და ატსმოფეროც.

ტრიბუნები ლამის პირთამდე გაივსო და მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ამინდი არ ყოფილა, „ტორპედოსა“ და „დინამოს“ ქომაგებმა მორიგი ლამაზი საფეხბურთო გარემ შექმნეს. ფეხბურთელებსაც გადაედოთ ეს ყველაფერი და მშვენიერი თამაში გამოვიდა.

ნოდარ ქავთარაძემ მალევე, მესამე წუთზე გახსნა ანგარიში და „ტორპედო“ უმალვე დაწინაურდა. 28-ე წუთზე კი ქავთარაძემ დუბლი შეასრულა, გოლი კი დიდებული გამოვიდა და მიხეილ ალავიძემ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. კახა ჩხეტიანის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მიიღო, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ახლაც ასე მოხდა. პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში მამუკა კობახიძემ ხელით ითამაშა და ნიკოლ საბანაძემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და 61-ე წუთზე გაათანაბრეს კიდეც. სწრაფი იერიშის შემდეგ საბანაძემ ჯოვინო ფლამარიონი ისეთ პოზიციაში დატოვა, რომ გოლის გატანას წინა აღარაფერი ედგა - 2:2.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა. იმერლებმა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს. ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ მეორე სართულზე შესანიშნავად ითამაშა და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, ბათუმელთა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია წყალტუბოში დასრულდა. სხვათა შორის, აღნიშნული სერია სწორედ „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ დაიწყო და „ტორპედოსთან“ წაგებითვე დასრულდა. სხვაგვარად ასე შეგვიძლია ეს ფაქტი დავასათაუროთ - "ტორპედოდან" "ტორპედომდე"...

მიუხედავად წაგებისა, „დინამო“ 22 ქულით ისევ ლიდერია (ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ „საბურთალო“ ამ ტურის თამაშს ჩაატარებს), ხოლო „ტორპედო“ იქვეა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.

„ტორპედო“ – „დინამო“ (ბთ) 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ქავთარაძე (3), 2:0 ქავთარაძე (28), 2:1 საბანაძე (45, პენ), 2:2 ფლამარიონი (61), 3:2 ზივზივაძე (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100076