ბლოგი

18:40 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეგეშიძის დილემა

არა აქვს მნიშვნელობა სპორტი და სახელდობრ ჭიდაობა გიყვარს თუ არა. მთავარია გქონდეს უსამართლობისა და სამართლიანობის თუნდაც მცირეოდენი შეგრძნება და სულ ადვილად მიხვდები, რომ ის რაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თავს ხდება არის დიდი შეთქმულების ნაწილი, რომელიც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერის ნაადრევად დამთავრებით დასრულდეს.

დათუნაშვილი ამბობს, რომ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს საქართველოდან სხვა ქვეყანაში წასვლა და სპორტული კარიერის იქ გაგრძელება, მაგრამ ჭიდაობის ფედერაცია ყველმხრივ უშლის ხელს. კერძოდ, დათუნაშვილის განცხადებით, მას უარს ეუბნებიან სათანადო უფლების მიცემაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დატოვოს. საქართველოს ნაკრებში კი როგორც იცით ეს სპორტსმენი კარგა ხანია მოიძულეს.

ზურაბ დათუნაშვილსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება კარგა ხანია გასცდა საქართველოს მასშტაბებს და ჩვენდა სამარცხვინოდ სპორტის მსოფლიო საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოქმედ სპორტსმენს სახეობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ სცემს, შემდეგ კი ყველანაირად უშლის ხელს კარიერის გაგრძელებაში. ეს ხდება ჩვენს დროში, როდესაც ბევრ ქვეყანაში დისკრიმინაცია უკვე კონსტიტუციურადაც იკრძალება.

გეგეშიძე და მისი თანამოაზრეები დღემდე არ აღიარებენ დათუნაშვილის ცემის ფაქტს (რაც ვიდეოკადრებითაცაა დადასტურებული) და იმასაც უარყოფენ, რომ დათუნაშვილთან მეგობრობის გამო ხელფასი მოუხსნეს მოჭიდავის მწვრთნელს. დათუნაშვილი ერთადერი რასაც მოითხოვს, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა და სამართლიანი გამოძიების დაწყებაა, თუმცა გეგეშიძე პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა და ამჟამად ეს ადამიანი კვლავაც იკავებს თანამდებობას, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს, რომ დიდ პოლიტიკასთან ბმის გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გეგა გეგეშიძე 2016 წელს სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი სამარცხვინო შემთხვევაში (სპორტსმენებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სცემეს) ერთ-ერთი მონაწილე ყოფილი სპორტსმენის, ვლადიმერ გეგეშიძის ძმაა. საკუთრივ გეგაც ხელისუფლებასთან “ფლირტში“ არაერთხელაა შემჩნეული და მის მიერ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაც ამ “ფლირტის“ ლოგიკურ შედეგად უნდა განვიხილოთ.

მარადიულად თანამდებობაზე არავინ ყოფილა და რასაკვირველია ვერც გეგეშიძე შეაბერდება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არცთუ მყარ სავარძელს. თუკი გეგეშიძეებმა მაინც გაიტანეს თავისი და ახალგაზრდა სპორტსმენს კარიერა დაუნგრიეს, ეს გეგეშიძეებისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე საშინელი შავი ლაქა იქნება. დავანებოთ თავი ყველაფერს - სახელმწიფოს, პოლიციას, პროკურატურას, სასამართლო ხელისუფლებას. ყველაფერი ახლა ერთი ადამიანის ხელშია, რომელსაც შეუძლია მარტივად ადგეს და თანამდებობიდან გადადგეს. ამ გზით მისცეს სპორტსმენს ვარჯიშის სრულყოფილად გაგრძელების საშუალება და თუკი სამართლიანი გამოძიება (ასეთიც შეიძლება არსებობდეს) მას ვერაფერს დაუმტკიცებს, მხოლოდ მაშინ იფიქროს უკან დაბრუნებაზე.

ამ გზით გეგეშიძე და მისი გუნდის წევრები (ამ გუნდში ბევრი სასახელო მოჭიდავეა) სახელსაც გადაირჩენენ და სამუდამოდ არ გაწირავენ საკუთარ ავტორიტეტს. ჩვენ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ სპორტსმენის კარიერის დანგრევაზე უარესს სპორტში დასაქმებული მოხელე ვერაფერს გააკეთებს!

0.136627