ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგ ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტმა“ „ანტვერპენს“ უმასპინძლა და 1:2 დაამარცხდა.
თუმცა, ჩვენთვის სასიამოვნო ისაა, რომ მასპინძელთაგან ეს ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ითამაშა და 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
გიორგიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, და ჩინებულად, ტექნიკურად და რაც მთავარია, მეკარისთვის აუღებლად დაარტყა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. თუმცა, „გენტმა“ 82-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და მაინც წააგო.
ამ შეხვედრაში ითამაშა ქვილითაიამაც, რომელსაც 76-ე წუთიდან დაუთმეს სათამაშო დრო.
„გენტი“ საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილზეა 25 ქულით. საინტერესოა, რომ იეს თორუპის გუნდმა ხსენებულ ჯგუფში აქამდე ოთხივე ჩატარებული მატჩი წააგო.