კალათბურთი

20:33 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით ჩამორჩენილმა “დინამომ” “ოლიმპი” 12 ქულით დაამარცხა

სუპერლიგის მე-15 ტურის თბილისური მატჩები დაძაბული მატჩით დასრულდა. “დინამოსა” და “ოლიმპის” მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ იმით, რომ ბოლო პერიოდში 12 ქულით ჩამორჩენილმა გუნდმა იმარჯვა.

სწორედ ამ სხვაობით იგებდა “ოლიმპი” (56:44), ბოლო მეოთხედი რომ დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ოლიმპელთა ლიდერობა 11 ქულას შეადგენდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დინამოელთა ზეშედეგიანობა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ ის კალათბურთი ითამაშა, რისკენაც ნებისმიერი მწვრთნელი მიილტვის. მატჩის დარჩენილი 8 წუთი დინამოელებმა 27:4 (!) მოიგეს და… 12 ქულით – 77:65 იმარჯვეს.

“დინამომ”, რომელიც თითქოს განწირული ჩანდა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩამორჩენა გააბათილა და დამსახურებულად გაიმარჯვა. “ოლიმპმა” კი ის ნაჯაფი, რაც 3 პერიოდის განმავლობაში აგროვა და თითქოს გასამარჯვებლად საკმაო ლიდერობაც მოიპოვა, 8 წუთში წყალში ჩაყარა და დასანანი მარცხი იწვნია.

დინამოელებს ხორვატმა ცენტრმა დემაგოი ბუბალომ ულიდერა, რომელმაც 24 ქულაა და 13 მოხსნა მიითვალა. ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა გმირმა ჯორდან სვოპშირმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო რეჯერ დოუელმა გამარჯვებულებს 14 ქულა მიაშველა. “ოლიმპში” 21 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ტრე ბენეტმა. 12 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა.

მე-15 ტურის 1 შეხვედრა დღეს ბათუმში გაიმართება, სადაც “თსუ-ჰიუნდაი” ითამაშებს, ხოლო ტური 29 მარტს, რუთავში, ადგილობრივი გუნდისა და “მგზავრების” მატჩით დასრულდება.

www.gbf.ge

0.114415