რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტური მახაჩყალის „ანჟისა“ და „კრილია სოვეტოვის“ მატჩიტ დაიწყო, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
სამარელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ. ჩვენებურს „კრილიას“ მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი ენდობა და ეს ძალიან კარგია. ჯანომ და მისმა თანაგუნდელებმა კი ზამთრის პაუზის შემდეგ სამ ტურში 7 ქულა მოიპოვეს.
„კრილია სოვეტოვი“ ამჟამად 24 ქულით მეათე პოზიციაზეა, თუმცა სახიფათო ზონას ოდენ ერთი ქულითაა დაშორებული.
პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში ვაკო გვილიას „გორნიკმა“ პოზნანში „ლეხი“ 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთამდე ითამაშა.
გიორგი მერებაშვილის „ვისლა“ შინ „პოგონთან“ 0:2 დამარცხდა, ხოლო ქართველმა შემტევმა 75-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 57-ე წუთზე გააფრთხილეს.
გვილიას „გორნიკს“ ბოლო დროს წარმატებული პერიოდი უდგას, გასავარდნი ზონა დატოვა და 27 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა. სამაგიეროდ, მერებაშვილის „ვისლას“ მდგომარეობა ტურიდან ტურამდე მძიმდება - 24 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში ჯაბა ჯიღაურის „გრენობლმა“ საკუთარ მოედანზე „ნანსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო, „გრენობლი“ კი 42 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.