კალათბურთი

19:12 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თასის მეოთხედფინალებში “ბათუმი” და “ტიტები” დაწინაურდნენ

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიები დაიწყო. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთი ძალინ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ხოლო მეორეში ბრძოლა ფაქტობრივად არ შედგა.

პირველ მატჩში, რომლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, ერთმანეთს “დელტა” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, ასე რომ, დამარცხებული გუნდისთვის შანსი დაკარგული არ გახლავთ. თუმცა პირველ მატჩში გამარჯვებით, ბათუმელებმა მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მიიღეს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ზღვისპირელები საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე, ბათუმში გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარდინალში გავლენ.

როგორც აღვნიშნეთ, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩენილმა “დელტამ”, მეორე ათწუთეულში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამეში დაწინაურდა კიდეც. ამერიკელი ლეგიონერების – ერიკ ნოთიჯისა და მალკოლმ დრიმრაითის მექულეობით თბილისური გუნდი ბოლო პერიოდის წინ 62:55 დაწინაურდა.

ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. მანამდე შედეგიანად მოთამაშე ნოდარ გოგოძემ ბოლო პერიოდშიც გააგრძელა ზუსტი სროლების განხორციელებმა და სწორედ მისი სამქულიანით მოიგო “ბათუმმა”. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე “დელტა” 74:70 იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბათუმელთა მედგარმა დაცვამ თავისი გაიტანა. თბილისურმა გურდმა ბურთი ვეღარ ჩაგდო, ხოლო ზღვისპირელებმა კეისი შეპარდის ორქულიანითა და გოგოძის სამიანით 75:74 იმარჯვეს.

“დელტას” შეეძლო თამაშის გადარჩენა, თუმცა ნოთიჯის ორქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. გამარჯვებულ ბათუმელებს 26 ქულით გოგოძემ ულიდერა. 21 ქულა და 7 პასი კეისი შეპარდმა მოაგროვა. “დელტაში” 19 ქულით ნოთიჯი გამოირჩა, დრამტაიტმა კი 15 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება “ოლიმპისა” და “შსს აკადემია-ტიტების” დაპირისპირებას, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა. ლაშა გამყრელიძის ხელმძღვანელობით “ტიტებმა” საუკეთესო მატჩი გამართეს და სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იოლად დაამარცხეს. ბოლო პერიოდში, როცა ანგარიშში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია, მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ და თამაშიც საბოლოოდ “ტიტების” 19-ქულიანი გამარჯვებით – 77:58 დასრულდა.

“ტიტებს” 21 ქულით კაჰიმ რენომმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა. 9-9 ქულა სამმა კალათბურთელმა – ილია ლონდარიძემ, გუჯა ბირკაიამ და ლუკ მეიერმა მოაგროვეს. “ოლიმპში” 16 ქულით ბომბარდირი რეზო როგავა გახდა.

“ბათუმი” “დელტას” 19 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო “შსს აკადემია-ტიტების” სერიის მეორე მატჩი 2 აპრილს გაიმართება.

დღეს ქუთაისში თასის გათამაშების მეოთხედფინლური სერიის კიდევ ერთი შეხვედრ გაიმართება, რომელშიც “ქუთაისი” “კაკტუსს” უმასპინძლებს.

დელტა – ბათუმი
სტატისტიკა: 74:75 ოლიმპი – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 58:77

www.gbf.ge

0.124893