თებერვლის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, გერმანული „მაგდებურგის“ მეკარემ ხმების უმეტესობა მიიღო და გაიმარჯვა.
აღნიშნულ გამოკითხვაში 425 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გიორგიმ გამოკითხულთა ხმების 41.9% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ჩვენი მკითხველი ერთსულოვანი არ ყოფილა და გამოკითხვაც დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.
ლორიამ მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ლევან ხარაბაძეს, რომელსაც მხარი 39.3%-მა დაუჭირა. მესამე პოზიციაზე ნიკა კაჭარავა (8.5%), გავიდა, მეოთხე ადგილზე ვაკო გვილია აღმოჩნდა 6.6%-ით, ხოლო ბოლო, მეხუთე პოზიციას დასჯერდა ლაშა დვალი - 3.8%.
საინტერესოა, რომ ჩვენი გამოკითხვა არსებობის 2 წელიწადზე მეტს ითვლის და ლორია პირველად დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
აქვე, თებერვალში გიორგი ლორიას მონაგარის შესახებ:
ქართველი კიპერის წარუმატებელი პერიოდი უკან დარჩა და გერმანულ „მაგდებურგს“ ჩინებულად მოერგო. თებერვალში ჩვენებურმა გერმანიის II ბუნდესლიგაში 4 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც მისმა გუნდმა 2 მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა. გიორგიმ კარი მშრალად ერთხელ შეინახა და სამი გოლი გაუშვა.
ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" აპრილის დასაწყისში ისევ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და თქვენ მარტის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.