პოლონეთის ექსტრაკლასას XXIII ტურში ვაკო გვილიას „გორნიკმა“ გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის „ზაგლებიეს“ უმასპინძლა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 2:1.
„გორნიკი“ მე-12 წუთზე სწორედ ჩვენებურმა დააწინაურა. გვილია საჯარიმოში ჩინებულად გაიხსნა და თანაგუნდელის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი გამოდგა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა, 61-ე წუთზე იგორ ანგულოს ბრწყინვალე მაკრატელამ „გორნიკს“ მოაგებინა.
ვაკო გვილიამ კი პოლონეთში სადებიუტო გოლი მიითვალა (მესამე თამაშში). მოგეხსენებათ, ჩვენებური შვეიცარიული „ლუცერნიდან“ 6-თვიანი იჯარით იმყოფება ჟაბრჟელთა რიგებში. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში პოლონური გუნდის ქომაგები ჩვენებური ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილნი არიან და წერენ, რომ კლუბმა მის გამოსყდვაზე მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს.
„ზაგლებიეს“ რიგებში არ უთამაშიათ გაბედავასა და ივანიშვილს. პირველი განაცხადშიც არ იყო, ხოლო მეორე თადარიგში დარჩა.
„გორნიკს“ ამ გამარჯვებით 23 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილამდე აღზევდა, ხოლო „ზაგლებიე“ 15 ქულით ისევ უიმედოდ ბოლო საფეხურზე იმყოფება.