მოახლოვდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩები და ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ნაკრებთა შანსები მიმოიხილეს.
ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო L ჯგუფია, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ირჯება. ილიას ზუროსის შეგირდებს 21 თებერვალს საბერძნეთში გასვლითი მატჩი ელით, 24-ში კი ესტონეთს დაუხვდებიან, თუმცა, მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე უმცირესი შანსი აქვთ შერჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფიდან მიზანი უკვე მიღწეული აქვთ საბერძნეთსა და გერმანიას, რომელთაც 10 ტურის თავზე 9-9 მოგება აქვთ, დარჩენილი საგზურისთვის კი სერბეთი, საქართველო და ისრაელი იბრძვიან.
საუკეთესო მდგომარეობაში 6 მოგების მქონე სერბეთია, რომელსაც სასურველი პოზიციის დასაბევებლად დარჩენილი 2 შეხვედრიდან ერთის მოგებაც ეყოფა. სერბეთი 21 თებერვალს ესტონეთში ითამაშებს, ხოლო 24-ში ისრაელთან საშინაო თამაში ელის.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ორივე მოახლოებულ მატჩში გამარჯვება მართებს და ამასთან, სერბების ორივე შეხვედრაში მარცხს უნდა დაელოდოს.
ყველაზე უარეს ვითარებაში ისრაელია, რომელმაც 21 თებერვალს გერმანიასთან საშინაო მატჩი და შემდეგ სერბეთში გასვლა უნდა მოიგოს და ამავდროულად, სერბეთმა და საქართველომ ვერცერთი გამარჯვება უნდა მოიპოვონ.
თუკი სერბეთმა ორივე მატჩი წააგო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ერთხელ იმარჯვა, ისრაელის ორი მოგების შემთხვევაში სამივე კონკურენტს 6 გამარჯვება მოუგროვდება, ისრაელი კი ფინალურ ეტაპზე იმ შემთხვევაში გავა, თუკი სერბეთს 22 ქულით დაამარცხებს.
L ჯგუფში ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს ესტონეთს, რომელსაც 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული.
ფიბა-ს საიტზე პროგნოზები გააკეთეს ექსპერტებმა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ოთხივე მათგანმა უპირატესობა სერბებს მიანიჭა.