ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, ქართული რეალობისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტული სახეობების წარმომადგენლებს სამართლებრივ ასპექტში როგორც კი გაუჭირდებოდათ, გეგონება ნიშანი მისცესო - მყისვე სიტყვა „ოჯახს“ ახსენებდნენ და...
იწყებოდა: „ოჯახში ყველაფერი ხდება“, „ოჯახში უნდა გაირკვეს“, „ნუ ჩაერევიან ოჯახის შიდა სამზარეულოში“, „ოჯახის წევრები დაალაგებენ“ - ამგვარი და მსგავსი ფრაზები, სხვა რომ აღარაფერი დარჩენოდათ სათქმელი, არაერთხელ გამოუყენებიათ ქართველ სპორტსმენებს (უცნობსაც, ცნობილსაც, ლეგენდარულსაც) და კიდევ არაერთხელ გამოიყენებენ, რითაც პრობლემის მიჩქმალვას და სათავისოდ გადაწყვეტას შეეცდებიან, თუკი ჩვენ, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები მათ ამ მავნე ჩვევას არ მოვაშლევინებთ.
როგორ უნდა მოვაშლევინოთ? მარტივად: როცა გულით, ტვინითა და მთელი შეგნებით გრძნობ (იცი), რომ ვიღაც (ვინც არ უნდა იყოს, თავის დამსახურებებიანად) იტყუება და მითუმეტეს, საკუთარი თავის გადასარჩენად ვინმეს ჩაგრავს, მას კარისკენ უნდა მიუთითო.
და რა ხდება ახლა ჩვენთან?
მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ქვეყანამ (არამარტო ჭიდაობის ფედერაციამ; ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტის სამინისტრომ, სპორტის საპარლამენტო კომისიამ, მას-მედიამ და ა.შ. არამედ მთელმა ქვეყანამ, ფედერაციის პრეზიდენტიანად) იცის, ზურაბ დათუნაშვილი ამ კონკრეტულ ამბავში მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც თავს იკატუნებს და თავისუფალ, მოშვებულ რეჟიმში ელის ისეთივე განაჩენს, რომლის მსგავსმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ გავლენიან სპორტულ ფუნქციონერს ბევრი პატიოსანი, მაგრამ გავლენის არმქონე სპორტსმენი დააჩაგვრინა. ამ დაჩაგვრის შედეგად კი, სპორტსმენებს ან ვარჯიშისთვის დაუნებებიათ თავი ან სხვა ქვეყნის სახელი დაუცავთ და მერე ამის გამო ისევ ისინი გვილანძღავს; არადა, ვინ იყო რეალურად სალანძღი, მარტივი მისახვედრია...
ჰოდა, ახლა ანალოგიური ვითარებაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან მიმართებაშიც.
ვიმეორებ, მთელმა ქვეყანამ ვნახეთ კადრები, როგორ ურტყამს დათუნაშვილს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. კი ბატონო, გამოძიების დასადგენია, რა მოხდა ამ დაპირისპირებამდე, რა ეკავა ხელში გეგეშიძეს ამ დარტყმის დროს, თუნდაც რომელი მხრიდან მოხდა მეტი პროვოცირება და ა.შ... თუმცა, ის ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას (და თანაც ძალიან აგრესიულ ფორმებში) აყენებს სპორტსმენს, ყველაზე ცოტა, თანამდებობაზე არ (ვერ) უნდა დარჩეს.
ამის ნაცვლად, დღეს, დაზარალებულ დათუნაშვილს უკვე მერამდენედ უწევს საზოგადოებისადმი მიმართვა და საკითხის შემდეგნაირად დაყენება - ან გეგეშიძე დატოვებს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, ან მას მოუწევს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა...
წმინდა სპორტულ მხარეს რომ შევეშვათ, ამ ამბავმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წარმოშვა, რომელზეც ზევით უკვე ვისაუბრე: ზურაბ დათუნაშვილი თავის ქმედებით ჩვენს საზოგადოებაში მყარად გამჯდარ მოვლენას - ოჯახის სახელით მოსარგებლე გავლენიან ადამიანთა სისტემას, მათ მიერ დამკვიდრებულ ცხოვრების წესს დაუპირისპირდა და ასეთ დაუნდობელ ჯგუფთან დაპირისპირებისას ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს, რასაც საზოგადოების გვერდში დგომა ჰქვია.
გასაგებია, რომ მსგავს ვითარებაში, სიტყვა „ოჯახი“ უბრალოდ საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია (თორემ ისე, საერთოდ რა შუაშია - რა ოჯახი?) და ნამდვილი ოჯახისთვის დამახასიათებელ ქმედებებთან ამ დაჯგუფებებს თუ შენაერთებს არაფერი აკავშირებს - მხარდაჭერაც და "მორალური პასუხისმგებლობაც" მხოლოდ იმათ მიმართ გააჩნიათ, ვინც ძლიერია და იმ მომენტში მათ ნაკლებ დისკომფორტს უქმნით.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აქაც ყველაფერი მარტივად გასაგებია: ამგვარი მწვავე დაპირისპირებისას, თუ აქეთ (ამ შემთხვევაში დათუნაშვილის ანუ ჩაგრულის) მხარეს არ ხარ, ე.ი. ხელს არ უშლი გეგეშიძეს და როგორც არ უნდა შეალამაზო საკუთარი ქმედება, გამოდის, იქით (ანუ მჩაგვრელის მხარეს) ხარ. იქითა „ოჯახის“ წევრად ყოფნის სურვილი კი, პირადად მე არადროს მქონია და არც სხვას ვურჩევ - ძალიან ცუდად მოქმედებს შინაგან სამყაროზე...
მორალურ ასპექტებს რომ მოვეშვათ, უკვე ნახსენებ უწყებათა წევრებს (ჭიდაობის ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროსა და სპორტის საპარლამენტო კომისიას) ურჩევნიათ, დროულად მიხედონ ამ საკითხს და ჩამოყალიბდნენ, რომელ გზას ადგანან - დიდ სპორტსმენობასა და კაცობაზე რომ გაქვს პრეტენზია, შესაბამისადაც უნდა მოიქცე! ჰოდა, მჩაგვრელის გვერდზე დადგომა როდის მერე გახდა ვაჟკაცობა?..